ბრუსილოვი ალექსი ალექსის ძე [19 (31). VIII. 1853, თბილისი, _ 17. III. 1926, მოსკოვი], რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1912).
დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1872), ოფიცერთა კავალერიის სკოლა (1883). მონაწილეობდა რუს.-ოსმ. (1877-78) ომში. თავი გამოიჩინა არტაანისა და ყარსის ციხესიმაგრეთა აღებაში, 1900 მიენიჭა გენ.-მ-ის, 1906 კი – გენ.-ლ-ის წოდება, მეთაურობდა გვარდიის ცხენოსანთა დივიზიას, 1909-იდან - მე-14 საარმიო კორპუსს. 1912-13 იყო ვარშავის სამხ. ოლქის ჯარების სარდალი, 1913–14 – მე-12 საარმიო კორპუსის მეთაური. 1914-იდან ხელმძღვანელობდა მე-8 არმიას. 1915 მიენიჭა გენ.-ადიუტანტობა. 1916 მარტიდან, I მსოფლიო ომის დროს სარდლობდა სამხრ.-დას. ფრონტს, რ-ის ჯარებმა გაარღვიეს ავსტრია-გერმ. ფრონტი. რუსეთის დროებითი მთავრობის დროს იყო უმაღლესი მთავარსარდალი (1917 წ. მაის-ივლისი), სამოქალაქო ომის დროს უარი განაცხადა სათავეში ჩასდგომოდა თეთრგვარდიელთა მოძრაობას. 1918–20 მსახურობდა წითელ არმიაში. რესპ. რევ. სამხ. საბჭოს ბრძანებით დაინიშნა მთავარსარდალთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს თავ-რედ, შემდეგ მსახურობდა წითელი არმიის ცენტრ. აპარატში, 1923–24 – კავალერიის ინსპექტორად, 1924-იდან - განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა შემსრულებლად.
ავტორია მემუარებისა „ჩემი მოგონებანი“ (1929).
დაჯილდოებულია ალექსანდრე ნეველის, თეთრი არწივის, წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის, ასევე საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და მრავალი სხვა ქვეყნის ორდენებით.
ლიტ.: Р о с т у н о в И. И., Генерал Брусилов, М., 1964; В о л к о в С., Трагедия русского офицерства, М., 2002.
შ. ცირეკიძე