ბრუტსაბძელი, მწვერვალი ჯავის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), ოსეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. ტოტის – ჯავის ქედის დასაწყისში, მდ-ების ფაწისა და ჯომაღისწყლის (ლიახვის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 3670 მ. აგებულია ქვედაცარცული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. წარმოადგენს მცირემყინვარებიან კლდოვან პირამიდას. კალთები შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით.
იგი ძვ. ქართლის საკულტო მწვერვალი იყო. მასზე აღმოჩენილია ხის ნაგებობა, სავარაუდოდ – განდეგილის თავშესაფარი. ბ-ზე ალპინისტები პირველად 1929 ავიდნენ (ხელმძღვ. გ. გიორგიძე და ლ. მარუაშვილი. მონაწილეობდა ალექსანდრა ჯაფარიძე).
ლ. მარუაშვილი