ბრუცა (Spalax), ძუძუმწოვარ ცხოველთა გვარი მღრღნელების რიგისა. გავრცელებულია საბერძნეთში, ბულგარეთში, ყოფ. იუგოსლავიაში, უკრაინასა და ამიერკავკასიაში.
საქართველოში გვხვდება ამ გვარის ერთი სახეობა–მთიური ბ. (თეთრკბილა ბ.–Splax leucodon) გავრცელებულია ახალქალაქისა და ახალციხის რ-ნებში. ბინადრობს მთის ველებზე, ზეგნებზე, ძირითადად ნათესებში. მისი სხეულის სიგრძე 35 სმ აღწევს. ცხოვრობს სოროში. მიწის ზედაპირზე იშვიათად ამოდის. ვერტიკალურად ვრცელდება ზ. დ. 2500 მ-მდე. მრავლდება წელიწადში ერთხელ. გაზაფხულზე შობს 2–4 ნაშიერს. იკვებება მცენარეთა ფესვებით, ფესურებით, ბოლქვებით. ზოგჯერ მის მიერ შეგროვებული საკვების მარაგი 18 კგ აღწევს. ზიანს აყენებს ნათესებს. მდარე ხარისხის ბეწვი აქვს. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური მთიური ბ. (S. l. nehringi).
გ. ენუქიძე