ბუ (Strix aluco), ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდ. აფრიკაში.
საქართველოში ბინადრობს, ტიპობრივი ტყის მცხოვრებია. ბუდობს ხის ფუღუროში, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეში, სახლის სხვენზე, იშვიათად –კლდის ნაპრალში. მარტის ბოლოს – აპრილში დედალი დებს 2 – 4 კვერცხს, რ-თა ინკუბაცია გრძელდება 1 თვეს. ზომით ყვავისოდენაა, აქვს ფართო ფრთები და მოკლე ბოლო, შეფერილობა მონაცრისფრო-მოყვითალო ან მოწითუროა, გვხვდება მელანისტი ეგზემპლარებიც. აქვს ყვითელი ნისკარტი და შავი თვალები. იკვებება მღრღნელებითა და პატარ-პატარა ფრინველებით. ვერტიკალურად ზ. დ. 2400 მ-მდე აღწევს.
რ. ჟორდანია