ბუაჩიძე გასტონ სერგოს ძე

ბუაჩიძე გასტონ სერგოს ძე (დ. 21. X. 1935, თბილისი), მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფ. (1990). თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). თსუ-ის ფრანგ. ფილოლ. კათედრის გამგე (1981-იდან), კრიტიკოსთა საერთაშ. ასოციაციისა და ევრ. კულტ. მოღვაწეთა საზ-ბის წევრი.

დაამთავრა ლვოვის უნ-ტის დას. ევრ. ენების ფაკ-ტი ფრანგ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით (1958). 1960-იდან 1990-მდე იყო ფრანგული ლიტ-რის პროფესორი (თსუ), ხოლო 1991-იდან 2001-მდე – ნანტის უნ-ტის შედარებითი ლიტ-რის სწავლების ასოცირებული პროფესორი.

ბ-ს ეკუთვნის მონოგრაფიები: „რეტიფ დე ლა ბრეტონი რუსეთში“ (1972, რუს. ენაზე), „გიიომ აპლინერი და ფრანგული პოეზიის განვითარების გზები“ (1989, რუს. ენაზე); ნარკვევები: „ფრანგული ჩანაწერები“ (1969), „მონმარტრიდან მთაწმინდამდე“ (1972); ესეები ფრანგ და ქართვ. მწერლებზე – „წახნაგები“ (1983, 1986); მხატვრული ბიოგრაფია „მარი ბროსე. ცხოვრების ფურცლები“ (1983; რუს ენაზე); ტრილოგია ქართვ. მხატვრებზე – „ფერიცხოველი“: წგ. I – „ფიროსმანი, ანუ ირმის განავარდება“ (1981, რუს. ენაზე), წგ. II – „დავით კაკაბაძე, ანუ იმერეთის კვადრატები“ („საბჭოთა ხელოვნება“, 1975, № 10–12 ფრაგმენტები), წგ. III – „ლადო გუდიაშვილი, ანუ ფრესკის ზმანება“ („ლიტერატურნაია გრუზია“, 1977, № 9, 10, ფრაგმენტები).

სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს საფრ., ბელგ., ლუქსემბურგისა და იტალ. პერიოდიკასა და ლიტ. კრებულებში. ფრანგულად თარგმნა ს.-ს ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ და წინასიტყვაობა დაურთო (თბილისი, 1978, პარიზი, 1984, იუნესკოს სერიით), გ. ტაბიძის „არტისტული ყვავილები“ (ორენოვანი – 1989); „ქართული ხალხური ზღაპრები“ (1988), „ვეფხისტყაოსანი“ (1989, პარიზისა და მოსკ. ერთობლივი გამოცემა). ეს არის პოემის პოეტური თარგმანი, რ-შიც შემონახულია დედნისეული მეტრი და მდიდარი რითმა. თარგმანმა მაღალი შეფასება მიიღო ქართულსა და ფრანგ. პრესაში. „ქართული ლიტერატურის ბიბლიოთეკისათვის“ თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა აგრეთვე ვაჟა-ფშაველას ექვსი პოემა და „ამირანდარეჯანიანი“.