ბობისგერი

ბობისგერი, ბობოსგირი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოს ისტორიულ პროვინციაში – ოლთისში, ქ. ოლთისის აღმ-ით (ამჟამად თურქ. ტერიტორიაზეა).

გეგმით ტეტრაკონქის ტიპის ეკლესიის გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში თითო თავისუფლად მდგარი მრგვალი სვეტია. სვეტების ირგვლივ შექმნილ ჯვარისებრ სივრცეს დას-იდან, სამხრ-იდან და ჩრდ-იდან უშუალოდ ეკვრის ნახევარწრიული აფსიდები, ხოლო საკურთხევლის წინ ბემაა, რის გამოც აღმ.-დასავლეთის ღერძი ჩრდ.-სამხრეთის ღერძთან შედარებით უფრო გრძელია. შესასვლელები დას-იდან და სამხრ-იდან აქვს. საკმაოდ მასიური პროპორციების მრგვალი გუმბათის ყელში 4 მრგვალი სარკმელია გაჭრილი. შიგნით და გარედან ძეგლი შემოსილია თლილი ქვით, გადახურულია ქვისავე ფილებით–ლორფინებით.

ე. თაყაიშვილმა აღწერა ქვის კანკელის უკვე საკმაოდ დაზიანებული რელიეფები და გაარჩია ასომთავრული წარწერა: „ქ. [ქრისტე] შეიწყალე მიქელ... ცოდვილი“. ეკლესია, როგორც ჩანს, არ იყო შემკული, მაგრამ სვეტების მრგვალი კაპიტელებისა და ბაზისების დამუშავების მოტივები ჰგავს კუმურდოს, ოშკისა და X ს. სხვა ტაძრებისას. ძეგლის შესახებ წერილობითი წყაროები არ არის შემორჩენილი. ე. თაყაიშვილი მას IX ს-ით ან არა უგვიანეს X ს-ით ათარიღებს.

ვ. ბერიძე ძეგლს X ს. I ნახ. მიაკუთვნებს.

ლიტ.: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი  ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938; Б е р и д з е  В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981.

ვ. ბერიძე