ბობნევი

ბობნევი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ბოშურის თემში (შიდა ქართლის რეგიონი) თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ტანის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას, ჯოჯოხეთისხევის შესართავთან. ზ. დ. 960 მ, გორიდან 20 კმ. 156 მცხ. (2014).

ისტ. წყაროებში „ბობნავად“ იხსენიება. სოფლის ტერიტორიაზე მრავლადაა სიძველეთა ნაშთები. ზემო უბანში აღმოჩენილია წითლად გამომწვარი ჭურჭლის ნატეხები, კერამ. ნაწარმის ფრაგმენტები, რ-ებიც წინაქრისტ. ხანას მიეკუთვნება. XIX ს. დასაწყისში ბ. გაუკაცრიელებული იყო. იმავე ხანებში ბ-ში გაჩნდნენ ოსი მოახალშენეები.

ბ-ის მახლობლად, მდ. ტანის მარცხ. ნაპირას, დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ნატეხი ქვით ნაგები იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია, ე. წ. „კოშკების ეკლესია“. წარწერების თანახმად, XVII ს. 60 – 80-იან წლებში მიტროპოლიტ იოსებ თბილელის ხარჯითა და თაოსნობით აუშენებიათ. მოუხატავთ 1683. მოხატულობა XVII ს. კედლის მხატვრობის საყურადღებო ნიმუშია. გარდა სარწმუნოებრივი სიუჟეტებისა (მაცხოვარი, ღვთისმშობელი, თორმეტი „საუფლო დღესასწაული“, „ორმოცი სებასტიელი მოწამე“, „იოანეს თავის კვეთა“, „სამი ყრმა ცეცხლის სახმილში“, „დანიელი ლომთა ხაროში“ და სხვ.), აქ იოსებ თბილელის პორტრეტული გამოსახულებაც არის. სოფლის მიდამოებში გვიანდ. შუა საუკ. კიდევ რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლია (ბიისის, კევის, კვირაცხოვლის, წმინდა გიორგის ეკლესიები).

ლიტ.: ფ ი რ ა ლ ი შ ვ ი ლ ი  ო., ბობნევის მოხატულობა და რეალისტური ტენდენციის შესახებ XVII საუკუნის ქართულ მხატვრობაში, თბ., 1952.

ვ. ბერიძე

ჯ. გვასალია