ბობღიაშვილი ადამ იასონის ძე

ა. ბობღიაშვილი

ბობღიაშვილი (ფსევდ. ალვანელი) ადამ იასონის ძე (22. V. 1912, სოფ. ზემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 18. III. 1943, იქვე), მწერალი, საიდუმლო პოლიტ. ორგანიზაციის „სამანის“ (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) ერთ-ერთი თავკაცი თუშეთში (1941– 43).

„სამანელთა“ მიზანი იყო საქართველოს გადარჩენა ორი იმპერიის – გერმანიისა და რუსეთის – ომში და ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. საქართველო მათ ესახებოდათ ბურჟ. კონსტ. ტიპის სახელმწიფოდ. 1930 ოქტ.-დეკ-ში ბ. მასწავლებლად მუშაობდა სოფ. ნაფარეულში. 1931 – 35 სწავლობდა ერევნის ვეტერ. ინ-ტში. 1935 დაბრუნდა საქართველოში და 1937-მდე მუშაობდა ხევსურეთში (ბარისახო), ზემო სვანეთში, შემდეგ კი შირაქის მომთაბარე ვეტპუნქტში ექიმის თანამდებობაზე.

1938 ჩაირიცხა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე ქართ. ენისა და ლიტ-რის განხრით. ბ-ის პირველი ლექსი „დედის ბარათი“ დაიბეჭდა ჟურნ. „ჩვენს თაობაში“ (1940, № 1). 1940–41 აქვე კიდევ სამი ლექსი გამოქვეყნდა. სსრკ –გერმანიის ომის დაწყების შემდეგ ბ. დაუკავშირდა საიდუმლო პოლიტ. ორგანიზაციას, რ-იც „1942 წლის შეთქმულების“ სახელით შევიდა ჩვენს უახლეს ისტორიაში.

1942 დამდეგს დაიწყეს შეთქმულთა დაპატიმრება, ბ-მა თუშეთში გაასწრო, მაგრამ ამ ორგანიზაციაში მუშაობა არ შეუწყვეტია. მოკლეს თორღვას ხეობაში, როცა გაანადგურეს „სამანის“ მთავარი ბირთვი.

ბ-ის ლექსები პოპულარული იყო თუშეთში. ბევრი მისი ლექსი და მოთხრობა უკვალოდ დაიკარგა, რომანისა კი მხოლოდ ფრაგმენტებია გადარჩენილი. როგორც პროზაიკოსი ბ. გვევლინება ა. ყაზბეგის ლიტ. ტრადიციის გამგრძელებლად. 1976 თვითგამოცემით ჟურნ. „ოქროს საწმისში“ (№ 4) დაიბეჭდა ბ-ის ლექსები. ოფიციალურად ჩვენს მწერლობას დაუბრუნდა 1989 (იხ. „ლიტერატურული საქართველოსა“ და „მნათობის“ პუბლიკაციები).

თხზ.: გრიგალო, იყუჩე... (ლექსები და მოთხრობები), თბ., 1993.

ლიტ.: ჩ ხ ე ი ძ ე  რ., დაწყევლილი თაობა, თბ., 1992.

რ. ჩხეიძე