ბოგოლიუბოვი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე [8 (21). VIII. 1909, ნიჟნი-ნოვგოროდი, – 13. II. 1992, მოსკოვი], რუსი მათემატიკოსი და ფიზიკოს-თეორეტიკოსი, არაწრფივი მექან., სტატისტ. ფიზ. და ველის კვანტ. თეორიის სამეცნ. სკოლების ფუძემდებელი. სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1953; წ.-კორ. 1946), უკრაინის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1948), ორგზის სოციალ. შრომის გმირი (1969, 1979). 1963-იდან გარდაცვალებამდე სსრკ მეცნ. აკად. მათ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი. ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინ-ტის (GTNR დუბნა) დირექტორი (1965–70).
მისი ძირითადი შრომები ეხება მათ. ანალიზის მიახლოებით მეთოდებს, მათ. ფიზიკას, არაწრფივი მექან. ასიმპტოტურ მეთოდებს, დინამიკურ სისტემათა თეორიას, სტატისტ. ფიზიკასა და ველის კვანტ. თეორიას. არაწონასწორული პროცესების თეორიისათვის დაამუშავა განაწილების ფუნქციათა ჯაჭვების მეთოდი (1946), მათემატიკურად დაასაბუთა (1947) ზედენადობის მიკროსკოპული თეორია, პირველმა დაამტკიცა (1956) ველის კვანტ. თეორიის დისპერსიული თანაფარდობები. შექმნა ზეგამტარობის მათ. თეორია (1958) და სხვ. ბ-ის მიერ ზედენადობისა და ზეგამტარობის თეორიაში დამუშავებულ მეთოდებს იყენებენ თეორიული ფიზ. სხვადასხვა დარგში. ბ-მა, ა. თავხელიძემ და ბ. სტრუმინსკიმ შემოიღეს ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში კვანტური რიცხვი ‒ „ფერი“. ბ. იყო მრავალი უცხოური აკადემიის, სამეცნ. დაწესებულებისა და საზოგადოების წევრი, პაგუოშის მოძრაობის მონაწილე, სსრკ სახელმწიფო პრემიებისა (1947, 1953, 1984) და ლენინური პრემიის (1958) ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბ-ს სამეცნ. და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მათემატიკოსებთან ნ. მუსხელიშვილთან, ი. ვეკუასთან და მათ მოწაფეებთან. ბ-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველოში ჩამოყალიბდა ფიზ. სამეცნ. ცენტრები – თსუ მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტი, თეორიული ფიზ. განყ-ბა თბილ. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აღიზარდა მრავალი ქართველი მეცნიერი ფიზიკოსი. კარგად იცნობდა საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
გამსჭვალული იყო ღრმა პატივისცემით ქართველი ერისადმი.
თხზ.: Асимптотические методы в теории нелинейных колебаний, 2 изд., М., 1958 (თანაავტ.); Введение в теорию квантованных полей, М., 1957 (თანაავტ.); მე-2 გამოც., 1974; Вопросы теории дисперсионных соотношений, М., 1958 (თანაავტორი); Новый метод в теории сверхпроводимости, М., 1958 (თანაავტ.); Основы аксиоматического подхода в квантовой теории поля, М., 1969 (თანაავტ.).
ლიტ.: ფ ხ ა კ ა ძ ე ნ., პ ა რ კ ა ძ ე ვ., ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი, კრ.: ფიზიკოსების შესახებ, თბ., 1980; Н.Н. Боголюбов (к 60-летию со дня рождения), «Успехи математических наук», 1969, т, 24, в. 4 (148).
ა. თავხელიძე