ბოგომოლოვი იგორ სიმონის ძე (17. VII. 1932, თბილისი, ‒ 27. I. 2003, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1977), ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნ. საბჭოს წევრი. პარლამენტის წევრი (1995‒99).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის რუს. ენისა და ლიტ-რის განყ-ბა (1956). 1959-იდან მუშაობდა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში, 1977-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. ერთაშორისი ურთიერთობის შესწავლის ცენტრის ლიტ. ურთიერთობათა განყ-ბის გამგე, 1993–იდან – თსუ რუს. ლიტ-რის ისტ. კათედრის გამგე. საქართვ. რუსული კულტ.-საგანმან. საზ-ბის პრეზიდენტი (1992).
მისი კვლევის საგანი იყო ქართ. ლიტ-რის ყოფილი სსრკ ხალხთა ლიტ-რასთან, განსაკუთრებით ‒რუს. ლიტ-რასთან ურთიერთობის საკითხები. ბ-ის წიგნებსა და მონოგრაფიებში განხილულია რუსი მწერლების ურთიერთობა საქართველოსთან [„რუსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (ი. პოლონსკი)“, 1960; „მეგობრობით შედუღაბებულნი“, 1987, ორივე რუს. ენაზე], ქართველი მწერლების დამოკიდებულება რუსულ სინამდვილესთან [„გრიგოლ ორბელიანი და რუსული კულტურა“, 1964; „ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XIX ს. პირველი ნახევარი)“ 1967; „ვაჟა-ფშაველა და რუსული სინამდვილე“, 1980; „მეგობრობისა და ინტერნაციონალიზმის თემა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში“, 1983, ყველა რუს. ენაზე].
ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.
თხზ.: მოძმე ლიტერატურების მეგობრობა, თბ., 1972; ერთიანი ოჯახის გრძნობა, თბ., 1977; Он Грузию любил так пламенно, Тб., 1995.
ლიტ.: ა ბ ზ ი ა ნ ი ძ ე ზ., ცხოვრება, როგორც ლაშქრობა, „ლიტერატურული ძიებანი“, 2020, №40.
მ. შონია