ბოგრეში, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), უღვირის ქედის სამხრ. კალთის ძირას, მდ-ების ადიშჭალისა და ენგურის შესართავთან. იფარის თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ადიში, ზეგანი, ნაკიფარი. ზ. დ. 1700 მ, მესტიიდან 22 კმ. 79 მცხ. (2014).
სოფლის ზემოთ, მდ. ენგურის ნაპირას, ქვის დიდ ლოდზე (სიგანე 10 მ, სიმაღლე მდინარის მხრიდან 8 მ), აღმართულია სვანური ოთხსართულიანი კოშკი, რ-საც ადგილ. მოსახლ. „ქურდიანების კოშკს“ ეძახის. მშენებლებს მოხერხებულად გამოუყენებიათ კლდის უზარმაზარი ლოდი, ზედაპირი ჩაუთლიათ და ჩაუსაფეხურებიათ, შეუქმნიათ მდგრადი ფუძე-საძირკველი, რ-ზედაც კოშკი ისე დაუსვამთ, როგორც უნაგირზე და ამით სავსებით დაუზღვევიათ სეისმური ბიძგების შემთხვევაში განივი ადგილგადანაცვლებისაგან.
ბ-ის კოშკს გვირგვინი არა აქვს, როგორც ჩანს, დროთა ვითარებაში დაინგრა. გადახურულია ორფერდა სახურავით.
ლიტ.: ა ხ ვ ლ ე დ ი ა ნ ი ბ., ქურდიანების კოშკი, «ძეგლის მეგობარი», 1966, № 7.
ბ. ახვლედიანი