ბოდაყ ყაზვინი (დ. დაახლ. 1510/11), სპარსული ისტორიოგრაფიის წარმომადგენელი.
დაწერა მსოფლიო ისტ. ტიპის თხზულება „ცნობათა მარგალიტები“ („ჯავაჰირ ალ-ახბარ“), რ-იც უძღვნა შაჰ ისმაილ II-ს. მასში მოთხრობილია ირანის როგორც ისლამამდელი, ისე შემდგომი დროის მმართველი დინასტიების ისტორია შაჰ ისმაილ II-ის ტახტზე ასვლამდე (1576-მდე), თხზულებაში საინტერესო და ორიგინალური ცნობებია ირან-საქართვ. ურთიერთობაზე ირან-ოსმალეთის პირველი ომის (1514–55) დროს, საქართველოში ყიზილბაშთა ლაშქრობების შესახებ შაჰ ისმაილ I-ისა და შაჰ თამაზ I-ის დროს.
საყურადღებოა მისი ცნობა ქართვ. მეფე-მთავრების ყოფნის შესახებ ყიზილბაშთა ბანაკში ჯერ კიდევ შაჰ ისმაილ I-ის დროს, რასაც ისტორიკოსი 1519-ით ათარიღებს, კახელი უფლისწულის იასე ლევანის ძის გამუსლიმანებასთან დაკავშირებული ცნობები და სხვ. თხზულების ხელნაწერი ინახება სანქტ-პეტერბურგის მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახ. საჯარო ბ-კის ხელნაწერთა განყ-ბაში.
კ. ტაბატაძე