ბოდბის საეპისკოპოსო, საეპისკოპოსო კახეთში, მდ. ბოდბისხევის მხარეში (ცენტრი ბოდბე).
დაარსებული უნდა იყოს V ს-ში (ბოდბელი ეპისკოპოსი 506 დვინის საეკლ. კრების მონაწილედ მოიხსენიება), მოიცავდა ქიზიყს სოფ. კონდოლის ხაზამდე. XV ს-იდან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კახეთის სამეფოს ისტორიაში. XV ს. 70-იანი წლებიდან კახეთში გატარებული სამხედრო რეფორმის შემდეგ ბოდბელი ეპისკოპოსი ერთ-ერთი სადროშოს (სამხ. ოლქის) მეთაურია.
ბ. ს. დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა. 1751–64 მის განკარგულებაში იყო დავითგარეჯის მონასტერი, რ-ის არქიმანდრიტ-წინამძღვრად ბოდბელი ითვლებოდა. XIX ს. დასაწყისში საეპისკოპოსოში 100-ზე მეტი სამრევლო ეკლესია ირიცხებოდა.
1811 საქართველოში რუს. მმართველობის მიერ ჩატარებული საეკლ. რეორგანიზაციის შედეგად ბ. ს. გაუქმდა და ახლად ჩამოყალიბებულ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში შევიდა.
ბ. ლომინაძე