ბოდი

ბოდი, ბოდისი,ბოდინი,ბუდი, დაბა ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოში (კახეთში). მდებარეობდა უჯარმის მახლობლად.

ქართ. წყაროების მიხედვით, ბ. ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს (IV ს.) გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილია, მის საფლავზე მეფე მირიან III-მ ააშენა „ეკლესია ფრიად დიდი“. მცხეთასთან ერთად ბ. იყო საქართველოში ებრაელთა დიასპორის ერთ-ერთი კულტ.-რელიგ. კერა. მატიანეში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (IX ს.) მოხსენიებულია „ბოდბელი მღვდლები“, რ-ებიც მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ იუდაისტური სარწმუნოების საკითხების განხილვაში. ისტ.-გეოგრ. მონაცემები საფუძველს იძლევა აგრეთვე ბ-ის გაიგივებისათვის ახლანდ. სოფ. ნინოწმინდასთან (საგარეჯოს მუნიციპ.), სადაც დგას საეპისკოპოსო ტაძარი (VI ს.), აგებული ქართველთა განმანათლებლის სახელზე.

ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ბ-ს აიგივებს ბოდბესთან (ახლანდ. სოფ. ბოდბისხევი, სიღნაღის მუნიციპ.) და მიაჩნია, რომ წმ. ნინო მიიცვალა და დაკრძალულია ბოდბის მონასტერში. ამ იდენტიფიკაციას იზიარებენ გ. ჩუბინაშვილი და ი. ჯავახიშვილი.

ლიტ.: კ ი კ ნ ა ძ ე  ზ., მ ი რ ზ ა შ ვ ი ლ ი  თ., „ნინოწმინდას, უჯარმის კარსა“, «ლიტერატურული საქართველო», 1988, 1 ივლ.; მ ჭ ე დ ლ ი შ ვ ი ლ ი  ბ., ქალაქ უჯარმისა და დაბა ბოდის ლოკალიზაცია, «ძეგლის მეგობარი», 1986, № 1.

ზ. კიკნაძე