ბოდორნის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ბოდორნაში (დუშეთის მუნიციპ.).
გათხარეს 1977–78 (ხელმძღვ. რ. რამიშვილი). აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, გამოვლენილია ადრინდ. სამიწათმოქმედო კულტურისათვის (ძვ. წ. IV ათასწლ. I ნახ.) დამახასიათებელი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ობსიდიანის იარაღი, ქვის ხელსაფქვავი, აგრეთვე ცხოველის ძვლები. ზოგიერთი ჭურჭელი არაგვის ხეობაში, შიდა (ხელთუბანი) და ქვემო ქართლსა (წოფი, სიონი) და კახეთში (ულიანოვკა) აღმოჩენილი მასალის მსგავსია. გათხრილია III–IV სს. ორმოსამარხები, რ-ებშიც იყო ვერცხლის აბზინდები, ოქროს საყურე, რკინის დანის ფრაგმენტი, სარდიონისა და სადაფის მძივები, მინის ჭურჭლის ფრაგმენტი, ხოსრო I-ის მიერ 549–550 მოჭრილი მონეტა და სხვ. ამავე დროის კულტ. ფენაში აღმოჩნდა გვიანდ. არმაზული – ადრინდ. შუა საუკ. თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ლიტ.: Р а м и ш в и л и Р., М., Д ж о р б е н а д з е В. А., М а р г в е л а ш в и л и М. и др., Археологические исследования в Арагвском ущелье, კრ.: Полевые археологические исследования в 1977 году, Тб., 1980.
გ. ჩიქოვანი