ბალეტი

ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo – ვცეკვავ), სასცენო ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გადმოიცემა ქორეოგრაფიული სახეებით.

ბ. სინთეზური ხელოვნებაა, იგი შეიცავს დრამატურგიას, მუსიკას, სახვით ხელოვნებას. თითოეული ხელოვნება გაერთიანებულია არა მექანიკურად, არამედ ექვემდებარება ქორეოგრაფიული ენით გამოხატული მხატვრული სახის შექმნას. ბ. ქორეოგრაფიის ერთ-ერთი სახეობა, მისი განვითარების უმაღლესი ფორმაა. საცეკვაო ხელოვნება აქ ამაღლებულია მუს. სცენურ წარმოდგენამდე, ეკისრება დიდი, ნათელი იდეების, აზრებისა და გრძნობების გამოხატვის ფუნქცია, ცხოვრების არსებითი მხარეების, კონფლიქტების ასახვა, ჰუმანიზმის დამკვიდრება. XV–XIX სს-ში ტერმ. „ბ-ით“ უმთავრესად ევრ. ბ-ს გამოხატავდნენ. XX ს-ში კი მან მოიცვა აღმოსავლური ქორეოგრაფიაც. ევრ. ბ. აღორძინების ეპოქაში წარმოიშვა. პირველ საბალეტო წარმოდგენად მიჩნეულია 1489 ტორონტოში აზნაურ ბერგონცო დი ბოტოს მიერ მილანის ჰერცოგის ქორწილთან დაკავშირებით დადგმული მითოლ. სიუჟეტის პანტომიმა. ბ. საბოლოოდ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ხელოვნებად XVIII ს. ინგლისში და ევროპის სხვა ქვეყნებში. 30-იანი წლებიდან შევიდა რუსეთშიც.

საქართველოში პირველი საბალეტო სპექტაკლი დაიდგა 1854 თბილ. საოპერო თეატრში (კომპ. ი. შმიტდის ბ. „გიტანა“ ბალეტმაისტერ თ. მანოხინის საბენეფისოდ). 80–90-იან წლებში თბილისში გასტროლებს მართავდნენ უცხოელი და მსოფლიოში სახელგანთქმული რუსი მოცეკვავეები (ა. ჩესნოვა, ა. პავლოვა, გ. ქშენისნსკაია, ე. გელცერი, ვ. და მ. ფოკინები, მ. მორდკინი და სხვ.) და საბალეტო დასები („პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი“, „ვარშავის ბალეტი“, „რუსული საიმპერატორო ბალეტი“ და სხვ.), რამაც ერთგვარად შეამზადა ნიადაგი საბალეტო ხელოვნების ჩამოყალიბებისათვის.

ეროვნ. ბ-ის ფორმირება დაიწყო XX ს. 10-იანი წლებიდან. ამ პერიოდს განეკუთვნება ქართ. საბალეტო პანტომიმების შექმნის ცდები [კომპ. თ. ვახვახიშვილის „ირანული პანტომიმა“ (1914), „დიონისეს (ბახუსის) ზეიმი“ (1919), ბალეტმაისტერ ს. ვაკარეცისა და პრიმა-ბალერინა გ. ბაუერ-ზაქსის საბენეფისოდ; გაცეკვებული პანტომიმები – „მზეთამზე“ (1926, ცეკვების დამდგმელი ვ. ვენდეროვიჩ-ჟღენტი და გ. ალბერტი), „ხანძარი“ (1930), ბალეტმაისტერი დ. მაჭავარიანი და სხვ.]. XX ს. დასაწყისში გაჩნდა ეროვნ. საბალეტო დასის შექმნის აუცილებლობა, შეიქმნა სამეჯლისო ცეკვების კლასები (ა. ინოჩენცი, ნ. როინიშვილი და სხვ.). 1902 დაარსდა ქართ. ცეკვის სტუდია (ხელმძღვ. ა. ალექსიძე). განსაკუთრებით აღსანიშნავია მ. პერინის საბალეტო სტუდია (1916; 1920-იდან სახელმწ. საბალეტო სკოლა, 1934-მდე ხელმძღვ. მ. პერინი, 1934-იდან სახელმწ. ქორეოგრაფიული სტუდია – ხელმძღვ. დ. ჯავრიშვილი, 1951-იდან სახელმწ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი), რ-იც ბ-ის მოცეკვავეთა ეროვნ. კადრების აღზრდის მნიშვნელოვან კერად იქცა. პირველი ქართ. ბ. – ა. ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“ („მთების გული“) 1936 დადგა ვ. ჭაბუკიანმა (სცენარი გ. ლეონიძისა, მხატვარი ს. ვირსალაძე, კონსულტანტი ქართ. ხალხ. ქორეოგრაფიაში დ. ჯავრიშვილი, დირიჟორი ე. მიქელაძე). 1938 დაიდგა პირველი ქართული ბ. თანამედროვე თემაზე – შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ (სცენარი გ. თაქთაქიშვილისა, ბალეტმაისტერები დ. ჯავრიშვილი, ვ. ლიტვინენკო, მხატვარი თ. აბაკელია, დირიჟორი ო. დიმიტრიადი). ქართ. ბალეტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს მოცეკვავეებმა: ალექსიძე ირინე|ი. ალექსიძემ, მ. ბაუერმა, ვ. ვრონსკიმ (ნადირაძე), ლ. გვარამაძემ, თ. და ე. ჭაბუკიანებმა, ე. გელოვანმა (მინსკაია), ზ. კიკალეიშვილმა, ვ. წიგნაძემ, რ. მაღალაშვილმა, ლ. მითაიშვილმა, ბ. მონავარდისაშვილმა, თ. სანაძემ, რ. წულუკიძემ, ი. ჯანდიერმა, ნ. არობელიძემ და სხვ.; ბალეტმაისტერებმა – გ. დავითაშვილმა, დ. ჯავრიშვილმა, ნ. ბეგთაბეგიშვილმა, ე. გამსახურდიამ, დ. მაჭავარიანმა, ი. არბატოვმა, ს. სერგეევმა და სხვ. ეროვნ. რეპერტუარის საეტაპო დადგმებია ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1936), შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ (1938), გ. კილაძის „სინათლე“ (1947), დ. თორაძის „გორდა“ (1949), ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1957), ს. ცინცაძის „დემონი“ (1961) – ყველა დადგმა ეკუთვნის ვ. ჭაბუკიანს, დიდ მოცეკვავეს და ქორეოგრაფს, რ-იც სამართლიანად ითვლება ქართ. ბ-ის ფუძემდებლად (1941–72 საბალეტო დასის ხელმძღვანელი). 1973–80 და 1985-იდან თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს სათავეში უდგას ბალეტმაისტერი ალექსიძე გიორგი|გ. ალექსიძე, რ-ის ზემოქმედებისათვის დამახასიათებელია ახ. ქორეოგრაფიული ფორმებისა და სტრუქტურების ძიება კამერული ბ-ის ჟანრში. ქართ. ბ. წარმოადგენს მდიდარი და მრავალფეროვანი ქართ. ხალხ. ქორეოგრაფიისა და კლასიკური ბ-ის სინთეზს; იგი განიხილება ერთობლივად სტ-ში ქორეოგრაფია.

რეპერტუარის საეტაპო დადგმებია ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1936), შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ (1938), გ. კილაძის „სინათლე“ (1947), დ. თორაძის „გორდა“ (1949), ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1957), ს. ცინცაძის „დემონი“ (1961) – ყველა დადგმა ეკუთვნის ვ. ჭაბუკიანს, დიდ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, რ-იც სამართლიანად ითვლება ქართ. ბ-ის ფუძემდებლად (1941–72 საბალეტო დასის ხელმძღვანელი).

1973–80 და 1985–2004 წლებში საბალეტო დასს გ. ალექსიძე ხელმძღვანელობდა. მან ქართულ ბალეტში დაამკვიდრა სიმფონიური ცეკვის ჟანრი და ნეოკლასიკური სტილი, ახლებური ხედვით წარმოადგინა კლასიკური სპექტაკლები, შექმნა არაერთი ახალი ბალეტი ქართული და კლასიკური ცეკვის სინთეზით. კერძოდ, ბ. კვერნაძის „ბერიკაობა“ (1973), ს. ცინცაძის „ანტიკური ესკიზები“ (1974), „დალი და მონადირე“ (1977), რ. გაბიჩვაძის მედეა (1978). ვ. კახიძის „ამორძალები“ (1989). ამ დროს ქართულ ბალეტში მოღვაწეობდნენ ც. ბალანჩივაძე, ვ. აბულაძე, ზ. ამონაშვილი, მ. გოდერძიშვილი-ალექსიძე, ს. გოჩიაშვილი, მ. მახარაძე, ა. აბესაძე, ნ. მაღალაშვილი, ვ. ჟულუხაძე, თ. ვაშაკიძე. გ. მარღანია, მ. ზურაშვილი, ქ. მუხაშავრია, ი. სოროკინი, ლ. კანდელაკი, ი. ბახტაძე, ვ. ახმეტელი, დ. ხოზაშვილი. 2004-იდან ქართულ ბალეტს ხელმძღვანელობს ნ. ანანიაშვილი. ამ პერიოდში განხორციელდა ჯ. ბალანჩინის, ი. კილიანის, ი. პოსოხოვისა და სხვა უცხოელი ბალეტმაისტერების დადგმები. საბალეტო დასს შეემატა მოცეკვავეთა ახალი თაობა: ლ. ხოზაშვილი, ნ. გოგუა, ე. სურმავა, ნ. სამადაშვილი, ნ. ჩეკურაშვილი, დ. ანანიაშვილი. გაფართოვდა დასის საგასტროლო მოგზაურობები.

ლ. გვარამაძე

მ. ალექსიძე