ბიოქიმიკოსთა საზოგადოება, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება.
დაარსდა 1955. აერთიანებს ბიოქიმ. დარგში მომუშავე 220-მდე წევრს. პირველი პრეზიდენტი (1955–72) იყო ვ. ასათიანი, 1972–85 – პ. ქომეთიანი, 1985–89 – ს. დურმიშიძე, 1991– 2003 – ნ. ალექსიძე. ბ. ს-ში მოქმედებდა 2 სექტორი (მცენარეთა ბიოქიმ. და ცხოველთა ბიოქიმ.) და 7 სექცია: 1. სამეცნ.-ტექ. პროგნოზირებისა და მიზნობრივ-კომპლექსური; 2. წარმოებასთან კავშირისა და მეცნ. მიღწევების დანერგვის; 3. მეცნ. კადრების მომზადების; 4. მეცნ. პროპაგანდის; 5. პროფესიული და ზოგადი განათლების სკოლების; 6. უცხოეთის სამეცნ. დაწესებულებებთან კავშირის; 7. საგამომცემლო საქმიანობის. საზ-ბის მუშაობას ხელმძღვანელობდა ყრილობა, ყრილობათა შორის პერიოდში – საბჭო. საზ-ბა ხელს უწყობდა ინფორმაციის გავრცელებას, კვლევის კოორდინაციას ბიოქიმიკოსთა შორის, აწყობდა რესპ. და საერთაშ. სამეცნ. ყრილობებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, საიუბილეო სესიებს. საქართვ. ბ. ს-ის გამგეობა არჩევდა და ამტკიცებდა საზღვარგარეთ ჩასატარებელი სამეცნ. ფორუმების მონაწილეთა კანდიდატურებს. წლების განმავლობაში ბ. ს-ის თაოსნობით ჩატარდა საკავშირო კონფერენციები შემდეგ საკითხებზე – ამინომჟავათა ბიოსინთეზი და ცვლა (თბ., 1967); ნახშირწყლების ქიმია და ბიოქიმია (თბ., 1972); მცენარეებში აზოტის ასიმილაცია და ცილების ცვლა (თბ., 1978); საერთაშ. სიმპოზიუმი მოლეკულური ბიოლოგიისა (წყალტუბო, 1982) და V საკავშ. სიმპოზიუმი საინჟინრო ენზიმოლოგიის საკითხებზე (ქობულეთი, 1985); II და III საკავშ. კონფერენციების თემები იყო: „საკვები ცილების ახალი წყაროები“და „ფერმენტების მიკრობიოლოგიური სინთეზი“ (ორივე ქობულეთი, 1986); IV საკავშ. კონფერენციის კი – „ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოყოფა, გასუფთავება და ანალიზი“ (სოხუმი, 1987); ა. ბახის სახ. VII და VIII საკავშ. კოლოკვიუმების თემა იყო აზოტფიქსაციის საკითხები (თბ., 1983; ქობულეთი, 1988); საკავშ. კონფერენციის თემა კი – „ევოლუციური ბიოქიმიისა და სიცოცხლის წარმოშობის თანამედროვე პრობლემები“ (თელავი, 1988). საქართვ. ბ. ს-ის ბაზაზე 2002 ჩამოყალიბდა საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია (კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი), რ-იც გახდა ევროპის ბიოქიმიკოსთა საზ-ბების ფედერაციის (Federation of European Biochemical Societies [FEBS]) ასოცირებული (2003), ხოლო 2014-იდან მისი წევრი. ასოციაციის პრეზიდენტი 2003–18 იყო ნ. ალექსიძე, ხოლო 2018-იდან არის რ. სოლომონია. საქართვ. ბიოქიმიკოსთა ასოციაცია ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის საერთაშ. კავშირის (International Union of Biochemistry and Molecular Biology – IUBMB) ასოცირებული წევრია. ამ საზ-ებების წევრობის საფუძველზე ქართველი მეცნიერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, საერთაშ. კონფერენციებზე სარგებლობენ არაერთი ფინანსური შეღავათებით. საქართვ. ბიოქიმიკოსთა ასოციაცია ყოველ წელს ატარებს სამეცნ. კონფერენციას, სადაც ხშირად გამოდიან საქართველოში მყოფი უცხოელი მეცნიერები. ასოციაციამ ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციასთან ერთად თბილისში 2013 და 2019 ჩაატარა 2 საერთაშ. სკოლა-სემინარი – „სიცოცხლის შემსწავლელი მოლეკულური მეცნიერებების სწავლება“. ასევე 2019 თბილისში ჩატარდა ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის განათლების ელჩების მე-4 შეხვედრა.
ნ. ნუცუბიძე
რ. სოლომონია
დ მიქელაძე