ასათიანი ლევან გიორგის ძე (3. IV. 1887, თბილისი, – 9. V. 1971, იქვე), იურისტი და ეკონომისტი. პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
დაამთავრა მოსკ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის ეკონ. განყ-ბა (1911). 1922-მდე იურისტად მუშაობდა მოსკოვსა და თბილისში. ოცი წლის მანძილზე მუშაობდა ეკონ. დარგში სხვადასხვა სამეურნეო ორგანიზაციაში. ამავე დროს თსუ-სა და საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში კითხულობდა ლექციების კურსს ეკონომიკაში.
1942-იდან სამეცნ.-პედ. მუშაობას ეწეოდა თსუ-ის ეკონ. კათედრაზე. აქვე დააარსა და ხელმძღვანელობდა ეკონ. ინფორმაციის მექანიზებული დამუშავების კათედრას. ა-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება ეკონ. ინფორმაციის მანქანური დამუშავების საკითხებს. ა-მა შექმნა გამოთვლითი ცხრილები [არითმოცხრილები (მ., 1961), რ-ებიც გამოიცა დიდი ტირაჟით საზღვარგარეთის ქვეყნებში], შეადგინა სახელმძღვანელოები; ავტორია 4 გამოგონებისა, აქედან – „მოწყობილობას საანგარიშო გამოთვლებისათვის“ მიენიჭა სპეციალური პრემია.
თხზ.: სამეურნეო გამოანგარიშებანი, საანგარიშო ტექნიკა და აღრიცხვის მექანიზაციის საწყისები, თბ., 1958; გამოთვლით სამუშაოთა მექანიზაციისა და პროგრამირების საფუძვლები, თბ., 1968; Большие счетные таблицы для механического и быстрого умножения и деления, 3 изд., М., 1931; Таблицы для экономических расчетов в техникумах и аузах, Тб., 1971.