აკერმანის კონვენცია

აკერმანის კონვენცია 1826, რუსეთ-ოსმალეთის შეთანხმება, ხელმოწერილია აკერმანში (ახლანდ. ქ. ბელგოროდ-დნესტროვსკი, ოდესის ოლქი) 25 სექტ. (7 ოქტ.).

რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ნოვოროსიის გენ.-გუბერნატორმა და ბესარაბიის მეფისნაცვალმა მ. ვორონცოვმა და რუსეთის ელჩმა ოსმალეთის იმპერიაში ა. რიბოპიერმა, ხოლო ოსმალეთის მხრიდან-მეჰმედ ჰადი-ეფენდიმ და იბრაჰიმ-ეფენდიმ.

XIX ს. 20-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ოსმალეთმა დაარღვია შავი ზღვის სრუტეების ზონაში თავისუფალი სავაჭრო ნაოსნობისა და 1812 ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მუხლები სერბიისა და დუნაის სამთავროების შესახებ, ხოლო რუსეთმა მხარი დაუჭირა ბერძნების განმათ. ბრძოლას, რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა გამწვავდა. 1826 წ. 5 (17) მარტს რუსეთმა მოსთხოვა ოსმალეთს ბუქარესტის ზავის პირობების შესრულება და ახალი ხელშეკრულების დასადებად რწმუნებულების დანიშვნა. 1826 წ. 1 (13) ივლისს დაიწყო მოლაპარაკება. რუსეთ-ირანის ომში (1826–28) ირანის დროებითი წარმატებებით დაიმედებული ოსმ. დიპლომატია აჭიანურებდა მოლაპარაკებას, მაგრამ შამქორთან და განჯასთან ირან. ჯარის დამარცხების (1826, სექტ.) შემდეგ იძულებული გახდა ხელი მოეწერა ა. კ-ისთვის, რ-ის თანახმად, რუსეთს გადაეცა სოხუმი, რედუტ-კალე (ყულევი) და ანაკლია.

სასაზღვრო ხაზად დაწესდა მდ. დუნაი. რუს. სავაჭრო ფლოტს ოსმ. ტერიტ. წყლებში თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა, ხოლო რუს ვაჭრებს – ოსმალთა იმპერიის მთელ ტერიტორიაზე დაუბრკოლებელი ვაჭრობისა. დუნაის სამთავროებში 6 თვეში უნდა აღდგენილიყო თვითმმართველობა, სერბეთს უნდა მინიჭებოდა შინაგანი მმართველობის თავისუფლება და დაბრუნებოდა წართმეული ოლქები. ამავე დროს კონვენციის მიხედვით მოლდოვისა და ვლახეთის მთავრები უნდა ერჩიათ ადგილობრივი მოსახლეობიდან, რუსეთთან შეთანხმებით.

ა.კ. რუსეთის დიპლომატიის დიდ წარმატებად მიიჩნევა, ოსმალეთში კი ამას დროებით დათმობად თვლიდნენ. სწორედ ეს დათმობები გახდა 1826 წლის იანიჩარების აჯანყების მიზეზი. 1827 წლის 20 დეკემბერს სულთანმა მაჰმუდ II-მ ა.კ. გააუქმა, რაც თავისთავად 1828–29 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების ერთ-ერთ საბაბად იქცა.

ლიტ.: Фадеев А. В., Россия и восточный кризис 20-х годов XIX в., М., 1958; Юзефорвич Т., Договоры России с Востоком, М., 2005.