ბუაჩიძე თამაზ ანდროს ძე (1. II. 1930, თბილისი, – 2001, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1990).
დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1953). საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (1961), სწავლული მდივანი (1966), დირექტორის მოადგილე (1967-იდან), დირექტორი (1997–2001). პარალელურად ეწეოდა პედ. მუშაობას თსუ-ში.
კვლევის ძირითადი სფეროებია: შემეცნების თეორია, აქსიოლოგია, ფილოს. ანთროპოლოგია და ფილოს. ისტორია. ბ-მ გააგრძელა და გააღრმავა ჰეგელის ფილოსოფიის ინტერპრეტაციის ტრადიცია, რ-იც ქართ. ფილოსოფიაში კ. ბაქრაძემ და ს. წერეთელმა დაამკვიდრეს. მან წინა პლანზე წამოსწია აბსოლუტური გონის მიერ ადამიანის განსაზღვრულობისა და თავისუფლების მიმართების პრობლემა.
ბ. იკვლევდა იმ ფილოს. მიმართულებებს (სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი), რ-ებშიც გაცნობიერებულია თანამედროვე ცხოვრებისა და კულტურის რადიკალური კრიზისი და ნაცადია ადამიანის ორიენტაციის მკვეთრი შემობრუნება ჰუმანიტარული ღირებულებებისაკენ. მისი აზრით, ადამიანი მხოლოდ მაშინ ცხოვრობს თავისი მოწოდების შესაბამისად, როცა მისი ქმედება დაუინტერესებელია, უანგაროა; გნოსეოლოგიაში ეს პრინციპი გამოვლინდება, როგორც ობიექტურობა საგნის სიყვარული, ხოლო აქსიოლოგიაში – როგორც გონითი სიყვარული – „აგაბე“.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001).
თხზ.: ჭეშმარიტების ობიექტურობის შესახებ, თბ., 1964; ჰეგელი და ფილოსოფიის არსებობის პრობლემა, თბ., 1976 (რუს. ენაზე – 1981); თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის სათავეებთან (ა. შოპენჰაუერი, ფ. ნიცშე, ს. კირკეგორი), თბ., 1986; ღირებულება და ადამიანის დანიშნულება, კრ.: ადამიანი, ინდივიდი, პიროვნება, ნაწ. 8, თბ., 1987 (რუს. ენაზე – 1989); თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან, თბ., 2013; ფილოსოფიური ნარკვევები, თბ., 2003; სიცოცხლის ფილოსოფია, თბ., 1991.