ბუაჩიძე თენგიზ პავლეს ძე (7. XI. 1926, საჩხერე, – 14. V. 1994, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1972).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1950). 1960–65 იყო საქართვ. კულტურის მინისტრი, 1973–76 – საქართვ. მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, 1976–82 თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედ. ინ-ტის რექტორი, 1987-იდან საქართვ. კულტურის ფონდის თავ-რე, 1988-იდან შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის ახ. ლიტ-რის განყ-ბის გამგე. 1946-იდან აქვეყნებდა ნარკვევებს, მოთხრობებსა და თარგმანებს. მისი კვლევის სფეროა ქართ., რუს., უკრ., ბელორ. ლიტ-რა, ხალხთა ლიტ. ურთიერთობები, თარგმანის თეორიის პრობლემები. ეკუთვნის პუბლიც., კრიტ. წერილები, ნაშრომები ქართვ. რომანტიკოსების, აგრეთვე ი. ჭავჭავაძის, გ. ტაბიძისა და სხვ. შესახებ. თარგმნა „ამბავი იგორის ლაშქრობისა“ (1970), „გარდასულ წელთა ამბავი“ (1973) და ძვ. რუს. ლიტ-რის სხვა ძეგლები. მოთხრობების პირველი კრებ. „მოლოდინი“ (1966) გვიხატავს ადამიანების მორალურ სახეს II მსოფლიო ომის პერიოდში. პირველ რომანშიც „გზა ბავშვობისაკენ“ (1982) ასახულია ამ ომისდროინდელი თბილისი, მასში გამოჩნდა თაობათა შორის ეთიკურ ღირებულებათა დაპირისპირების პირველი ნიშნებიც, ამ თემამ შემდგომ ფართო ხასიათი მიიღო ბ-ის შემოქმედებაში.
1983-იდან ბ-მ დაიწყო სერიალების ბეჭდვა სათაურით: „მცირე პროზა ანუ ესეისტური ჩანაწერები“, რ-ებშიც წამოჭრა ჩვენი ყოფისა და ცნობიერების დიდმნიშვნელოვანი საკითხები. 80-იანი წწ. სულიერი ატმოსფერო და სააზროვნო სიტუაცია წარმოაჩინა მწერალმა ვრცელ მოთხრობაში „პროფესორი სორდია“ (1985). იყო საქართვ. რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სსრკ უმაღლესი საბჭოს სახალხო დეპუტატი (1989), საქართვ. რესპ. პარლამენტის წევრი (1992–94), პარლამენტის სამანდატო, საპარლამენტო ეთიკისა და პრივილეგიების კომისიის თავ-რე (1993).
თხზ.: ლიტერატურული წერილები, წგ. 1–2, თბ., 1960–70; ცხოვრება კობზარისა, თბ., 1964; ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 1968; ძველი რუსული მწერლობა, ტ. 1, თბ., 1973; გოგოლი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, თბ., 1973; მიხეილ შოლოხოვი, თბ., 1975; წარსული და თანამედროვეობა, თბ., 1976; სხვადასხვა დროის მოთხრობები ერთსა და იმვე თემაზე, თბ., 1992.
გ. გაჩეჩილაძე