ბუაჩიძე კიტა მიხეილის ძე (21. IX. 1914, სოფ. ფარცხნალი, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 2000, თბილისი), დრამატურგი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1941). ქართ. მწერლობაში პირველად 1927 გამოჩნდა. 1931 მისი პირველი პიესა „აურიე რგოლი“ წარმატებით დაიდგა თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ამ დროიდან მოყოლებული დაუცხრომელი და მაძიებელი დრამატურგი ახალ-ახალ საინტერესო სიუჟეტებსა და ტიპებს სთავაზობდა ქართ. სცენას.
ბ-ის პიესები, მათში დასმული საჭირბოროტო საკითხები დღესაც ინარჩუნებენ აქტუალობას. მწვავე სოც. ხასიათის კომედიებში მწერლის სატირა თანამედროვე ცხოვრების ბევრ სენს – დემაგოგიას, მომხვეჭელობას, მუქთამჭამელობას თუ კარიერიზმს – სწვდება. ავტორი ქმნიდა როგორც ე. წ. „მდგომარეობის“, ისე „ხასიათების კომედიებს“ და გარკვეულწილად აფართოებდა ქართ. დრამატურგიის ჟანრულ არეს. აღსანიშნავია ბ-ის ლიტერატურულად გამართული, აფორისტული და ხატოვანი ენა. ყველა ამ თვისებამ მის პიესებს ფართო ასპარეზი მოუპოვა და ქართ. თეატრის მუდმივ რეპერტუარში მიუჩინა ადგილი. 1958 რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრში დაიდგა მისი პიესა „ამბავი სიყვარულისა“, ხოლო „მკაცრი ქალიშვილები“ – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში (1940; 1956); აქვე დაიდგა „ვარდი ასფურცლოვანი“ (1935; 1952), „ოქრო კაცი ბეწვის ხიდზე“ (1961; 1962). „ეზოში ავი ძაღლია“ იდგმებოდა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრში (1953–1958), კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში (1985), ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრში (1964) და ბათ. ი. ჭავჭავაძის სახ. თეატრში (1957, აქვე დაიდგა აგრეთვე „ამბავი სიყვარულისა“, 1956; 1958); ქუთ. ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში (1974) და ბათ. ი. ჭავჭავაძის სახ. თეატრში (1967) წარმოადგინეს „პლატონი“. „პროვინციელი ქალიშვილი“ დადგა მოსკ. დრამ. თეატრმა 1955. აღსანიშნავია აგრეთვე ბ-ის პიესები: „რვა მოქმედი პირი“ (1962), „პოლიხრონ ჩიჩია“ (1936 – 70) და სხვ. მისი პიესები ითარგმნა რუსულად და გამოიცა მოსკოვში 1965 და 1972.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
თხზ.: კომედიები (წინასიტყვაობა ა. გელოვანისა), თბ., 1976; შავი წიგნი ანუ ყოველ ერს თავისი სატკივარი აქვს, თბ., 1990; Такое длинное письмо Виктору Астафьеву и другие послания с картинками в чернобелом цвете, Тб., 1989. რჩეული თქმულებანი, თბ., 2009; პუბლიცისტური ნაწერების კრებული, თბ., 2013.