ბუაჩიძე სამუელ (პარტ. ფსევდ. ნოე) გრიგოლის ძე [5 (17). VII. 1882, სოფ. ფარცხნალი, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპ., – 20. VI (3. VII). 1918, ვლადიკავკაზი], რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ჩრდ. კავკასიაში საბჭ. ხელისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. კომპარტიის წევრი 1902-იდან.
დაამთავრა ქუთ. სას.-სამ. სასწავლებელი და მასწავლებელთა კურსები. 1905 იყო რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, საქართველოში გლეხთა შეიარაღებული გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906–07 აქტ. რევ. მოღვაწეობას ეწეოდა ვლადიკავკაზში, დონის როსტოვსა და მოსკოვში. რევ. საქმიანობისათვის ბ. სამხ.-საველე სასამართლოს გადასცეს. მას სიკვდილით დასჯა მოელოდა, მაგრამ გაიქცა. 1907 ბ. მოსკოვში დააპატიმრეს, ჯერ საკატორღო მუშაობა, ხოლო შემდეგ ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს. 1911 საზღვარგარეთ გაიქცა, იქ დაუახლოვდა ბულგ. რევ. მოძრაობის ხელმძღვანელებს დ. ბლაგოევსა და გ. დიმიტროვს. მონაწილეობდა ბულგ. ს.-დ. მუშათა პარტიის მემარცხენე მიმდინარეობის „ვიწრო სოციალისტების“ მუშაობაში. ბულგარეთიდან ბ. შვეიცარიაში გადავიდა და ჟენევის ბოლშევიკური ჯგუფის აქტ. წევრი გახდა.
1917 აპრილში ბ. ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა. პარტიის ცკ-მა იგი ქ. ვლადიკავკაზში გაგზავნა, სადაც აქტ. მონაწილეობა მიიღო საბჭ. ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. 1918 მარტში ბ. თერგის საბჭ. რესპ. სახკომსაბჭოს თავ-რედ აირჩიეს. 20 ივნ. მიტინგზე გამოსვლის დროს მოკლეს. დაკრძალულია მშობლიურ სოფ. ფარცხანალში.
ლიტ.: ი ვ ა ნ ი ძ ე კ., სამუელ (ნოე) გრიგოლის ძე ბუაჩიძე, თბ., 1956; Д у б и н с к и й-М у х а д з е И., Ной Буачидзе, М., 1960.
კ. ივანიძე