ბუბნოვა ვარვარა დიმიტრის ასული (17. V. 1886, პეტერბურგი, – 28. III. 1983, დაკრძალულია სოხუმში), რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1966).
დაამთავრა პეტერბ. სამხატვრო აკადემია (1914). 1911–13 იმოგზაურა იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 1922-იდან ცხოვრობდა იაპონიაში. 1923–25 მეცადინეობდა ტოკიოს სამხატვრო-გამოყენებითი ხელოვნების სასწავლებელში, 1958–79 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სოხუმში. 1933–58 მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოაწყო რამდენიმე პერსონალური გამოფენა.
ნამუშევრები: „მეთევზე“ (1930), „სოხუმი. ზამთარი ზღვასთან“ (1964, ორივე – კერძო კუთვნილება, სოხუმი), „სოხუმი. ძველი სახლი“ (1979, კერძო კუთვნილება, სანქტ-პეტერბურგი), „სოხუმი. შავი ზღვის სანაპირო“ (1967, კერძო კუთვნილება, მოსკოვი) და სხვ.