ბუგეული

ბუგეული, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), მდ. რიონის მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., აბანოეთი, ბარეული, გორისუბანი, ქედისუბანი, ჯვარისა). ზ. დ. 560 მ, ამბროლაურიდან 13 კმ. 315 მცხ. (2014).

სოფელი და იქ არსებული ციხე ისტ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1769. სოფელში დგას XIV–XV სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. შემოსილია რუხი ფერის უხეშად ნათალი ქვიშაქვის კვადრებით. სამხრ. და დას. კარებს, ისევე როგორც ამავე ფასადებისა და აღმ. ფასადის სარკმლებს, მოჩუქურთმებული საპირეები ამკობს. შიგნით ეკლესიის კედლები, კამარა და კონქი მთლიანად დაფარულია XVI–XVII სს. ფრესკული მხატვრობით. აქ ტრად. საეკლესიო სიუჟეტებთან ერთად მრავლად არიან წარმოდგენილი საერო პირებიც. ჩრდ. ფასადის წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია 1837 შეუკეთებიათ. 1991 წ. 29 აპრ. მიწისძვრის დროს ძეგლი დაინგრა. დაზიანდა სოფლის თავზე აღმართული შუა საუკ. კოშკიც.

ლიტ.: ბ ო ჭ ო რ ი ძ ე  გ., რაჭის ისტორიული ძეგლები, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1930, ტ. 5; თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი  ე., არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში 1919 და 1920 წწ., თბ., 1963.

მ. დვალი

თ. ბერაძე