ბუდენზიგი (Buddensieg) ჰერმან (3. VI. 1893, აიზენახი, თიურინგია, – 1976, ჰაიდელბერგი), გერმანელი პოეტი და მთარგმნელი. ავტორია ლექსების კრებულებისა, ავტობიოგრ. თხზულებებისა, მონოგრაფიებისა; ცნობილია ა. მიცკევიჩისა და ლიტველი კლასიკოსების თარგმანებით. ბ-მა დააარსა და თვითონვე რედაქტორობდა ლიტ.-სამეცნ. ჟუნრ. „მიცკევიჩ-ბლეტერს“ („Mickiewicz-Blätter”).
იგი დიდად დაინტერესდა საქართველოთი და რუსთაველის პოემით. ორჯერ იყო საქართველოში. 1970 გერმანიის ხელოვნ. აკად. ორთვიურ ჟურნ. „ზინნ უნდ ფორმში“ („Sinn und Form”, № 6), რ-იც საქართველოს მიეძღვნა, დაბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები, ხოლო პროლოგი გამოაქვეყნა ბერლინის გამომცემლობა „ფოლკ უნდ ველტის“ მიერ დასტამბულ „ქართული პოეზიის ანთოლოგიაში“ (თარგმანი პერიოდულად იბეჭდებოდა აგრეთვე ჟურნ. „მიცკევიჩ-ბლეტერში“). ბ. პოემის თარგმანზე მუშაობდა 1966–72, სრული სახით 1976 გამოსცა გამომც. „საქართველომ“. წინამორბედი მთარგმნელებისაგან განსხვავებით, ბ-მა შეგნებულად გამოიყენა ჰეგზამეტრი და ძირითადად შეინარჩუნა დედნის თითქმის ყველა შინაარსისეული ელემენტი თუ ფილოს. სიღრმე, უფრო დაუახლოვა ორიგინალს.
1977 გამომც. „განათლებამ“ გამოაქვეყნა ბ-ის მიერ თარგმნილი ი. აბაშიძის ლექსთა ციკლი „რუსთაველის ნაკვალევზე“. მასვე ეკუთვნის ლექსი „რუსთაველი“, რ-იც დაიბეჭდა ჟურნ. „მიცკევიჩ-ბლეტერში“ (1976, № 1), აგრეთვე დაერთო „ვეფხისტყაოსნის“ მისეულ თარგმანს.