ბუერა (Petasites), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს გრძელი მხოხავი ფესურები და ფესვთანური ფოთლები (ღეროსეული ფოთლები რედუცირებულია). ორსახლიანი მცენარეა. ბუტკოიანი ყვავილები მოთავსებულია დიდ კალათებში, მტვრიანიანი – უფრო პატარა კალათებში. განლაგებულია ღეროს წვერზე ფარისებრ (ბუტკოიანი) ან საგველასებრ (მტვრიანიანი) ყვავილედებად. ცნობილია 5–6 სახეობა, რ-ებიც გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში.
საქართველოში ბ-ის 4 სახეობა გვხვდება: ფომინის ბ. (P. fomini) და ქართული ბ. (P. georgicus) საქართველოს ენდემებია; პირველი იზრდება რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლისა და მთიულეთის ალპ. სარტყლის ღორღიან ნიადაგებზე, ტენიან კლდეთა ნაპრალებში და მთის ჩანჩქერთა კალაპოტის გასწვრივ, მეორე – მარტო ქართლში, მთის შუა და ზედა სარტყლის ტენიან ხევებსა და ტყეებში; თეთრი ბ. (P. alba) მთელ საქართველოშია გავრცელებული, ჰიბრიდული ბ. (P. hybrida) – მხოლოდ აფხაზეთში.
ლ. ხინთიბიძე