ბუზმირი, ბუზმარიოსი, პოლიტიკური მოღვაწე ქართლში V ს. 10–20-იან წლებში. პეტრე იბერის ცხოვრების სირიული რედაქციის მიხედვით – ქართლის მეფე. ქართ. ისტ. წყაროებში ამ სახელის მქონე მეფე არ იხსენიება. ი. ჯავახიშვილსა და სხვებს მისი მეფობა საეჭვოდ არ მიაჩნდათ. არსებობს მოსაზრება, რომ ბ. ქართლის სპასპეტი იყო. მოღვაწეობდა ჯერ ბაკურ მეფის, შემდეგ კი არჩილ მეფის დროს. ირანისადმი ქართლის ვასალობის განმტკიცების მიზნით შაჰმა მას შვილი სთხოვა მძევლად. ამასვე მოითხოვდა მისგან ბიზანტ. იმპ. თეოდოსი II (408–450). ბ-მა ერთმორწმუნე ბიზანტ. ორიენტაცია ამჯობინა და თავისი ერთადერთი ძე ნაბარნუგიოსი (ნაბარნუგი) (შემდგომ პეტრე იბერის სახელით ცნობილი) 421–424 წლებში კონსტანტინოპოლს გაგზავნა.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1989 (თხზ. თორმეტ ტომად. ტ. 1).
ა. ბოგვერაძე