ბუკი

ბუკი, ლითონის ჩასაბერი სასიგნალო საკრავი. ცნობილია უძველესი დროიდან. დიდი ზომისაა, აქვს მკვეთრი და ძლიერი ხმა. ს.-ს. ორბელიანის განმარტებით, „ბუკი – საყვირია დიდი“, ქართულ წერილობით წყაროებში პირველად IX ს-ში იხსენიება. ბ-ს უკრავდნენ უპირატესად ლაშქრობისას, აღლუმებზე, სამეფო კარისა და საკულტო ცერემონიალების დროს, აგრეთვე თავდასხმის საშიშროების ან ომის მაუწყებლად, ხალხის შესაკრებად.

საქართველოში დიდი პატივით სარგებლობდა მესაყვირე, მენაღარე, მებუკე. მოზრდილი ზომის ძველებური სპილენძის ბ. შემორჩენილია მთის რაჭასა და სვანეთში, ხოლო მისგან განვითარებული საყვირი დღესაც ხმოვანებს სიმფ. ორკესტრებში, როგორც ქრომატული საკრავი. იხ. აგრეთვე ნაღარა.