ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (23. X. 1914, სოფ. ძველი აბასთუმანი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპ., – 25. XII. 1974, ზუგდიდი), საბჭოთა კავშირის გმირი (24. III. 1945), პოლკოვნიკი.
დაამთავრა თბილ. საარტ. სასწავლებელი (1936), მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია (1954), საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი (1961). მონაწილეობდა ხასანის ტბასთან და ხალხინგოლთან ბრძოლებში (1938–39). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა მოსკოვთან, ლენინგრადთან, გომელთან, ჩერნიგოვთან, ბელაია-ცერკოვთან, მონაწილეობდა რუმინ., უნგრ., ავსტრ. განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. ბუდაპეშტისა და ვენის აღებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და პოლკის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ბ. მონაწილეობდა იაპონელთა კვანტუნის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში (1945). ომის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის, 3 წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი