ბუკისციხე

ბუკისციხე, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის რეგიონი), სუფსის დაბლობზე, მდ. სუფსის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., იანეული). ზ. დ. 20 მ, ჩოხატაურიდან 6 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 23 კმ. 342 მცხ. (2014).

ბ-ის მიდამოებში (ე. წ. გურიის ტბასთან) ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდ. ბრინჯაოს ხანაში დასახლებულა. ანტ. ხანაში აქ უკვე ქალაქური ტიპის დასახლება ყოფილა (აღმოჩენილია გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები). შემორჩენილია ადრინდ. ფეოდ. ხანის ციხის ნანგრევები. ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე (1811) ასრულებდა თავის დანიშნულებას, კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისაკენ მიმავალ გზებს.

გ. ცქიტიშვილი