ბულა

ბულა (ლათ. bulla – ბურთულა), ძვ. რომში მედალიონი, რ-საც ყელზე ატარებდნენ დიდგვაროვანთა და თავისუფალ მოქალაქეთა შვილები მოწიფულობის ასაკამდე; შუა საუკუნეებში – შეკიდული ბეჭედი, რ-ითაც მოწმდებოდა სახელმწ. და საეკლ. ხასიათის სიგელები, აქტები და სხვა საბუთები. შემდეგ ეს სახელი გავრცელდა თვით ამ საბუთებზეც. ბ., ჩვეულებრივ ეწოდებოდა რომის პაპის განსაკუთრებული მნივნელობის ეპისტოლეებს.

ბ. წარმოადგენდა პლასტიკური ლითონის (ჩვეულებრივ, ტყვია) ან სხვა მასალის (მაგ., ცვილი) მრგვალ ფირფიტას, რ-ის ორივე ზედაპირზე განსაკუთრებული ხელსაწყოთი დაჭდეული იყო გამოსახულებები. რომის პაპის ბ-ის შუბლზე გამოსახული იყო პეტრე და პავლე მოციქულების თავები, ზურგზე კი – პაპის სახელი და სიტყვები: „უფლის მონათა მონა“ (Servus servorum Dei). განსაკუთრებული მნიშვნელობის საბუთებს ოქროს ბ-ით ამკობდნენ. ბიზანტიაში მათ „ხრისობულოსი“ (ოქრობეჭდები) ერქვა.

საქართველოში ბ-ის აღმოჩენის შემთხვევები იშვიათია. 1954 ბიჭვინთაში აღმოჩნდა VIII ს. ტყვიის ბ., რ-იც მიეკუთვნება აფხაზეთის მფლობელ კონსტანტინე I-ს ან კონსტანტინე II-ს. მის შუბლზე მოთავსებულია ბერძნ. ზედწერილი „კონსტანტინოს“, ხოლო ზურგზე–„აბაგიას“ (ე. ი. „კონსტანტინე აბაზგი“). 1960 აქვე აღმოჩნდა ადრინდ. ფეოდ. ხანის მეორე ბ., რ-ის შუბლზე წმ. სოფიოს გამოსახულებაა, ხოლო ზურგზე – ბერძნ. ზედწერილი „თეოდორუ ეპისკოპუ“ (ე. ი. „თეოდორე ეპისკოპოსისა“).

არქეოლოგიაში ბ. ეწოდება ნებისმიერი მასალის გუნდას, რ-ზედაც შერჩენილია საბეჭდავების ანაბეჭდი. ასეთი ბ. იხმარებოდა სანოვაგიანი ჭურჭლის და სხვ. დასაბეჭდად. ძვ. წ. IV ათასწლ. თიხის ბ. აღმოჩენილია არახლოს გორაზე, I ს. და V–VI სს. თიხის ბ-ები – დედოფლის გორაზე, ხოლო IV–VII სს. სასანური საბეჭდავების ანაბეჭდებიანი თიხის ბ. – ურბნისში.

ბ-ს სწავლობს სფრაგისტიკა.

ლიტ.: ლ ე ქ ვ ი ნ ა ძ ე  ვ., კონსტანტინე აფხაზის შეკიდული ბეჭედი, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1955, ტ. 16, № 5; ს ი ნ ა უ რ ი ძ ე  მ., აღმოსავლეთ საქართველოს ადრეფეოდალური ხანის კერამიკა, კრ.: მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1966; Ч у б и н а ш в и л и  Т. Н., К древей истории Южного Кавказа, [т.] 1, Тб., 1971.

გ. დუნდუა

ი. გაგოშიძე