ბულბული

ბულბული, იადონი (Luscinia), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა.

საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: ჩვეულებრივი ბ. (L. luscinia), გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვ-ში); სამხრეთული ბ. (L. megarynchos) მობუდარი გადამფრენია. გვხვდება აპრ-იდან სექტ-მდე. მოკრძალებული შეფერილობისაა: ზემოდან მოყავისფრო-მურაა, ქვემოდან მონაცრისფრო-თეთრი. ბინადრობს ბუჩქნარში – წყაროების, მდ-ების პირას, ტყისპირებში, მთების ფერდობებსა და ბაღებში; უყვარს წყალთან სიახლოვე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დედალი დებს 4–5 კვერცხს, რ-თა ინკუბაცია გრძელდება 2 კვირამდე. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკროვნებით. კარგად გალობს.

რ. ჟორდანია