ბულბულისციხე, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ქვიშხეთის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), ლიხის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. შოლის (სურამულის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 840 მ, ხაშურიდან 13 კმ, ლიხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 123 მცხ. (2014).
სოფლის სახელწ. ახალია და წარმოდგება სოფლის განაპირას, ლიხის ქედის აღმ. კალთაზე მდგარი ციხის სახელიდან (ცნობილია აგრეთვე ქვიშხეთის ციხის სახელითაც). სოფელს ადრე ციხისძირი ერქვა, ხოლო ციხეს – ციხისძირის ციხე (ვახუშტი). სახელწოდება „ბულბულისციხის“ წარმომავლობა უცნობია, თუ არ ჩავთვლით ხალხში შემონახულ ლეგენდას, დაკავშირებულს ამ სოფელში მცხოვრები მშვენიერი ასულის ბულბულას სახელთან, რ-იც ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. ციხე მდებარეობს ქვიშხეთიდან იმერეთში მიმავალ გზაზე და მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. XVIII ს-ში აქ ქართლელ აბაშიძეთა ერთ-ერთი მთავარი რეზიდენცია იყო. ციხე გვიანდ. შუა საუკუნეებისაა. ნაშენია რიყის ქვითა და კირით. კედლების სისქე 2 მ-მდეა, კუთხეები მომრგვალებულია. ჩრდ. მხარეს კედელი ამოყვანილია დიდი სიღრმიდან და მისი სიმაღლე ზოგან 25–30 მ აღწევს. წყალი შეყვანილი იყო ცივწყაროდან და გროვდებოდა საგანგებო აუზებში. ციხე ძლიერ დაზიანებულია.
ბ-ში შემორჩენილია კიდევ ერთი ძვ. სამოსახლო კომპლექსი. იგი შედგება ფერისცვალების ერთნავიანი ეკლესიის, ოთხკუთხა კოშკისა და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთისაგან.
ლიტ.: გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე ვ., ბულბულის ციხე, «ძეგლის მეგობარი», 1975, № 38.
ვ. გოგიბერიძე
თ. ბერაძე