ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გაიხსნა 1951, მოთავსებული იყო ბოლნისის კულტ. სახლში, 1988-იდან გადატანილია სპეც. შენობაში.
1993-თვის ფონდში 7 ათ. ექსპონატი იყო. განსაკუთრებით მრავალფეროვანია არახლოს (ძვ. წ. VI – IV ათასწლეულები) და კაზრეთის მიდამოებში აღმოჩენილი თიხის, ძვლის, ლითონის და სხვა ნაკეთობანი, ასზე მეტი ჩუქურთმიანი, ორნამენტიანი ქვა, სტელა (შეკრებილი სხვადსხვა არქიტ. ძეგლიდან), ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ. V საუკუნისადმი მიძღვნილ სტენდებზე გამოფენილია მასალა ბოლნისის სიონზე, რ-მაც უძველესი ქართული წარწერები შემოგვინახა საქართველოში, აქვეა მასალა ქართული ლიტ. ძეგლის „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ და მისი ავტორის იაკობ ხუცესის შესახებ. წარმოდგენილია წუღრუღაშენის (XIII ს.), სამების, სათხის, ქვეშის ციხის განვითარებული და გვიანდ. შუა საუკ. მასალები. ასახულია თურქმანული ტომის „ბორჩალუს“ გადმოსახლება ირანიდან (XVII ს. I ნახ.). ცალკე სტენდზე ფართოდ არის წარმოდგენილი ს.-ს. ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალა. ექსპონატებს შორისაა მისი წიგნი „სიბრძნე სიცრუისა“, გამოცემული 1859 სანქტ-პეტერბურგში, მეცნ. აკად. სტამბაში. სპეც. სტენდები აქვს დათმობილი მხარეში მეტალ. და მევენახეობის განვითარებას. ასახულია ბოლნისის ისტორია XIX ს. 20-იანი წლებიდან, როდესაც მეფის მთავრობამ ქვემო ქართლში ჩამოასახლა გერმანელები. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახლანდ. ბოლნისს (ჯერ ეკატერინენფელდი ერქვა, შემდეგ – ლუქსემბურგი, 1943-იდან კი – ბოლნისი). წარმოდგენილია აგრეთვე რ-ნში ერთ-ერთი პირველი მანქანა-ტრაქტორთა სადგურის (მტს) შექმნის (1929), კულტ. სფეროში მიღწევების ამსახველი მასალები. II მსოფლიო ომის წლებში 5 ათ-ზე მეტი ბოლნისელი იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე, მ. შ. 1500-მდე მებრძოლი გმირულად დაიღუპა ან დაიკარგა უგზო-უკვლოდ. მუზეუმში დაცულია შინმოუსვლელთა პირადი ნივთები, საბრძოლო აღჭურვილობა. დაცულია აგრეთვე მდიდარი მასალა მადნეულის–საქართვ. ფერადი მეტალ. ცენტრის შესახებ. სათანადოდ არის წარმოდგენილი მხარის ბუნება (300-ზე მეტი ექსპონატი) და ეთნოგრ. მასალა (100-მდე ექსპონატი). აქვეა დაცული 50-ზე მეტი გამოჩენილი მოღვაწის ბიუსტი, პორტრეტი, ჭედური გამოსახულება (იაკობ ხუცესი, ს.-ს. ორბელიანი, ღ. აღაიანი, არსენა ოძელაშვილი, არსენა ჯორჯიაშვილი, ვ. ბარნოვი, ნ. მუსხელიშვილი, ზ. ხალილოვი და სხვ.). აგრეთვე ნახატები ისტ. თემებზე (დიდგორის ბრძოლა, კრწანისის ბრძოლა და სხვ.). მუზეუმის ბ-კაში 2 ათ-მდე წიგნია. მუზეუმი გარკვეულ მუშაობას ეწევა მხარის მეცნ. შესწავლისა და ამ ცოდნის პროპაგანდისათვის. გამოცემულია ბუკლეტები, გზამკვლევი. ეწყობა მოძრავი გამოფენები სკოლებში, კულტ. კერებში, პროფსასწავლებლებში, ექსკურსიები მარშრუტით: მუზეუმი – ბოლნისის სიონი – წუღრუღაშენი–ტანძია–მარნეული. მუზეუმს საზ. საწყისებზე აქვს ფილიალები; ს.-ს. ორბელიანის სახლ-მუზეუმი ტანძიაში და მწერალ ღ. აღაიანის (1840–1911) სახლ-მუზეუმი სოფ. ბოლნისში.
2020 ბოლნისის ახ. მუზეუმი გაიხსნა საერთაშ. სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და საგამოფენო სივრცე მოეწყო. მუზეუმში სამეცნ. მნიშვნელობის არქეოლ. მასალა და ხელოვნ. ნიმუშები საქართვ. ეროვნ. მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდანაა წარმოდგენილი. მუზეუმში ასევე გამორჩეული ადგილი უკავია 200 წლის წინ სამხრ. გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების მოღვაწეობისა და მათი ცხოვრების ამსახველ ექსპოზიციას.
მუზეუმში ასევე განთავსებულია გოეთეს ინ-ტის მედიათეკა.
ი. ბობოხიძე