ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმ. საქართველოში, ქვემო ქართლში. სამხრ-ით ესაზღვრება სომხ. რესპ., დას-ით – დმანისის, აღმ-ით და სამხრ.-აღმ-ით – მარნეულის, ჩრდ-ით – თეთრი წყაროს მუნიციპ-ები. ფართ. 804,0 კმ². მოსახლ. 53,6 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. ბოლნისი.
მუნიციპ-ში არის 1 ქალაქი, 2 დაბა (თამარისი, კაზრეთი), 3 სათავო სოფელი, 46 სოფელი, 2 დაბის ტერიტ. ორგანო, 9 თემი: აკაურთის, ბოლნისის, დარბაზის, მამხუტის, ნახიდურის, რატევნის, რაჭისუბნის, ტალავრისა და ქვეშის.
ისტორიული ცნობა. ბ. მ. მოიცავს ისტორიული ქვემო ქართლის ადრინდ. ფეოდ. ხანის ორ ადმ.-ტერ. ერთეულს: ბოლნისის ხევს (ფოლადაურის აუზი) და ქვეშის ხევს (მაშავრის ქვემო დინება). ბოლნისის ხევის ცენტრი იყო ახლანდ. სოფ. ბოლნისი, ქვეშის ხევისა კი – ქვეშის ციხე. XIII ს-ში ბოლნისის ხევი ისევ ძვ. სახელწოდებით იხსენიება – „ხევი ბოლნისისა“. ქვეშის ხევი კი დმანისის გაქალაქებისა და მაშავრის ხეობის ცენტრის დმანისში გადანაცვლების შემდეგ დმანისხევად გადაიქცა. გვიანდ. შუა საუკუნეებში ბოლნისის ხევის ნაცვლად შეიქმნა ახ. ადმ.-ტერ. ერთეული – სომხითის სამოურავო. დმანისხევში ჩამოყალიბდა სათავადოები: საყაფლანიშვილო (ცენტრი ტანძია) და საზურაბიშვილო (ცენტრი კაზრეთი). 1930-მდე ახლანდ. ბ. მ-ის ტერიტ. შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად. 1943-მდე ეწოდებოდა ლუქსემბურგის რაიონი.
ბუნება. ბ. მ-ის დას. ნაწილში არის ჯავახეთის ზეგნის დახრამული აღმ. კალთა, სამხრ-ით – ლოქის ქედის ძლიერ დანაწევრებული ჩრდ. კალთა. ტერიტ. უდიდესი ნაწილი უჭირავს ქვემო ქართლის ვაკეს. რელიეფი აგებულია უმთავრესად მეოთხეული ნალექებით, ცარცული და იურული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებითა და ვულკანოგენური წარმონაქმნებით. ზოგან გაშიშვლებულია პალეოგენური და ნეოგენური ქვიშაქვები და მერგელები. ვაკეზე ახალგაზრდა კონტინენტური ალუვიური და დელუვიურ-პროლუვიური ნალექებია; კარგადაა გამოხატული მდინარეული ტერასები. მუნიციპ-ისთვის დამახასიათებელია რელიეფის ტექტოგენური, ვულკანოგენური და ეროზიული ფორმები. მოიპოვება ბარიტი, პოლიმეტალები (მადნეულის საბადო) და სამშენებლო მასალა (ბოლნისის ტუფი), არის მინერ. წყლები. მთისწინეთსა და მთათა კალთებზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული; ვაკეზე ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 120C, იანვ. –0,30C, ივლ. 23,60C; აბსოლ. მინ. ‒250C, აბსოლ. მაქს. 400C, ნალექები 500 – 600 მმ წელიწადში. მუნიციპ-ის მთავარი მდ-ებია ხრამი და მისი მარჯვ. შენაკადი მაშავერა. მდ. მაშავრის შენაკადებიდან აღსანიშნავია ფოლადაური, ტალავრისწყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის, წყალმცირობა – ზამთარში. მდ-ებს უმთავრესად სარწყავად იყენებენ. ვაკეზე წაბლა და დამლაშებული ნიადაგების კომპლექსია. მაშავრის ხეობაში დიდი ფართობი უჭირავს მუქ წაბლა კარბონატულ ნიადაგს. მდინარეთა ნაპირებზე ალუვიური, უმთავრესად ალუვიურ-კარბონატული, მთისწინეთის ზონაში – ტყის ყავისფერი, ხოლო უფრო ზემოთ ტყის ყომრალი ნიადაგებია. ტყის ზედა სარტყელში, უმთავრესად ლოქის ქედის ჩრდ. კალთაზე, გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგია. ვაკეზე გავრცელებულია პირველადი უროიანი სტეპი, რ-იც მთის ქვედა კალთებამდე აღწევს. მისი ძირითადი შემადგენელი მცენარეებია ურო, იონჯა, წიწმატა-სელი, კუტი ბალახი, ფარსმანდუკი და სხვ. მეორეული უროიანი სტეპი უმთავრესად კალთებს აკრავს და ყველაზე მეტად ქ. ბოლნისის მიდამოებშია გამოხატული. შემაღლებულ ადგილებში უროიან-ვაციწვერიანი დაჯგუფებებია. მუნიციპ-ის აღმ. ნაწილში აბზინდიან-უროიანი სტეპებია. მთისწინეთში (750 – 900 მ-მდე) გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი, სადაც უმთავრესად ძეძვი, შავჯაგა და ქართული ნუში ხარობს. ნატყევარ ადგილებში ძეძვთან ერთად იზრდება ჯაგრცხილა, ქართული მუხა, კუნელი, ნეკერჩხალი, კვრინჩხი. ლოქის ქედის ჩრდ. და ჯავახეთის ზეგნის აღმ. კალთებზე ფართოფოთლოვანი ტყეებია, ჭარბობს მუხა და რცხილა, არის აგრეთვე წიფელი. მუხნარი გვხვდება მთის ქვედა კალთებზე; წიფლნარი – ზედაზე; მათ შორის კი მუხნარ-რცხილნარია. ხრამისა და მაშავრის ხეობებში აქა-იქ ხარობს ფოთლოვანი ნათელი ტყე (აკაკი, ნეკერჩხალი, თელა და სხვ.). მდინარეთა ნაპირებზე ჭალის ტყეა (ვერხვი, ტირიფი, ჭალის მუხა, თელა, წნორი და სხვ.). ვაკეზე გვხვდება კურდღელი, ზღარბი, მაჩვი, სტეპის თაგვი; ტყეში – გარეული ღორი, ტურა, მგელი, მელა, კვერნა. მდინარეთა ხეობებში – წავი. ფრინველებიდან ბინადრობს ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, ჩიტბატონა, ტყის ქათამი, გნოლი, კაკაბი, გარეული ინდაური და სხვ. ბევრია ქვეწარმავალი და ამფიბია. მდ-ებში არის კალმახი, ხრამული, ლოქო და სხვ. ძირითადი ლანდშაფტები: 1. მშრალი სტეპური ვაკე წაბლა ნიადაგით; 2. ბორცვიან-სერებიანი ბუჩქოვან-ტყიანი მთისწინეთი ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგებით; 3. დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარითა და ტყის ყომრალი ნიადაგით; 4. საშუალო მთები წიფლის ტყითა და ტყის ყომრალი ნიადაგით. მოსახლეობის უმეტესობა აზერბაიჯანელები და ქართველები არიან. ცხოვრობენ აგრეთვე სომხები, რუსები, ბერძნები და სხვ. თურქულენოვანი მოსახლ. აქ XVII ს-იდან გაჩნდა, XVIII ს-ში კი უკვე საკმაოდ გამრავლდა; სომხ. მოსახლ. XVIII ს. ბოლოსაა მოსული. 1818-იდან რუს. მთავრობამ აქ გერმ. ახალშენები შექმნა, ხოლო 1822-იდან ერზერუმის მხრიდან (ოსმალეთი) გადმოყვანილი ბერძნები დაასახლა. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 400–800 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 66,7 კაცი 1 კმ²-ზე (2014). ბუნებრივი მატება მაღალია (ერთ-ერთი I ადგილი უკავია საქართველოში. მეურნეობა. სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია მეკარტოფილეობა, მემარცვლეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა, განვითარებულია აგრეთვე მებაღეობა. მუნიციპ-ის მთელი ფართობის დაახლ. 35% უჭირავს სას.-სამ. სავარგულს. სავარგული ფართობების ნახევარზე მეტი ირწყვება. ამუშავებენ უმთავრესად ვაკეს და მთისწინეთის დამრეც კალთებს. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები – უმთავრესად ხორბალი და სიმინდი, აგრეთვე საკვები კულტურები, ბოსტნეული, კარტოფილი და სხვ. მრავალწლოვანი კულტურებიდან მთავარია ვაზისა და ხეხილის ნარგავები. გავრცელებულია უმთავრესად რქაწითელი, აგრეთვე სხვა საღვინე მაღალმოსავლიანი ჯიშები. ხეხილიდან აშენებენ როგორც თესლოვან, ისე კურკოვან ჯიშებს. მეცხოველეობა უმთავრესად სარძეო-სახორცე მიმართულებისაა. ქ. ბოლნისსა და დაბა თამარისში არის მეფრინველეობის ფ-კა.
მნიშვნელოვანი სამრეწვ. საწარმოებია: ოქროს მომპოვებელი საწარმო „კვარციტი“ (შპს „არემჯი გოლდი“) დაბა კაზრეთში, ღვინის, ყველ-კარაქის, საკონსერვო ქ-ნები და სამკერვალო ფ-კა ბოლნისში. წარმოებს ბოლნისის ტუფისა და ბაზალტის მოპოვება, მინერ. წყლის „ბოლნისის“ ჩამოსხმა.
სადგ. მარნეულიდან კაზრეთამდე გაყვანილია რკინიგზის ხაზი. მუნიციპ-ის ტერიტორიაზე გადის თბილის‒გიუმრის (სომხეთი) საავტ. გზა.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მუნიციპ-ში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო და სამუსიკო სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რ-ის ფილიალებია სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი სოფ. ტანძიაში და მწერალ ღ. აღაიანის სახლ-მუზეუმი სოფ. ბოლნისში, სახალხო თეატრი.
მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“.
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპ-ის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისის სამეკლესიიანი ბაზილიკა, აკაურთის, აკვანების, კიანეთის, ბალიჭის, სათხის, არახლოს, ყორანთის, რატევნის (განვითარებული შუა საუკ.), ტანძიის დარბაზული ეკლესიები; კაზრეთის სამონასტრო კომპლექსი, წუღრუღაშენის გუმბათოვანი ტაძარი, ქოლაგირის ციხე, ქვეშის ციხე, ქოჩულოს ხიდი მდ. მაშავერაზე.
ვ. ჯაოშვილი
ნ. სულხანიშვილი
დ. ბერძენიშვილი