ბოლნისის საეპისკოპოსო, ისტორიული ქვემო ქართლის ერთ-ერთი უძველესი ეპარქია.
ქართული წყაროები („მოქცევაჲ ქართლისაჲ“, „ქართლის ცხოვრება“) ბოლნისში პირველი ეკლესიის აშენებას სხვადასხვა მეფეს მიაწერენ (ბაკურს, ფარსმანს, V ს. დასაწყ.), ხოლო ბ. ს. კათედრის დამაარსებლად ჯუანშერი (XI ს.) ვახტანგ გორგასალს (V ს.) ასახელებს. ბოლნისის სიონის ერთ-ერთ წარწერაში იხსენიება დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ, რ-იც ბოლნელი ყოფილა სწორედ ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, აკად. ი. ჯავახიშვილის აზრით, იგივე დავითია დასახელებული „ეპისტოლეთა წიგნში“ 506 დვინის საეკლ. კრებაზე დამსწრე ქართველ მამამთავრებს შორის. იქ ჩამოთვლილ 24 ეპისოპოსს შორის დავით ბოლნელი მეხუთე ადგილზეა.
ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, ბოლნელის სამწყსო იყო ავტორის თანამედროვე ქართლის სომხითი (ამ ტერმინით XVIII ს-ში აღინიშნებოდა ტერიტორია მაშავერ-ფოლადაურის წყალგამყოფიდან მდ. დებედის აუზამდე). ადრინდ. ფეოდალური ხანის ადმ.-ტერ. ერთეული „ხევი ბოლნისისა“ მოიცავდა ფოლადაურის, ტალავრის, მანხუტისა და შულავრის ხევებს. ეპარქიების ჩამოყალიბება კი ძველად ასეთი ერთეულების გათვალისწინებით ხდებოდა. ამდენად ვახუშტის ზემოხსენებული ცნობაც შეესატყვისება ამ ტრადიციას. ბოლნისის ეპისკოპოსთაგან X ს-ში ჩანს ელია ბოლნელი, სიონის ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებული, რ-საც საყდარში ღამისთევა დაუწესებია. X–XI სს-ში აქვე მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი, ცნობილი მქადაგებელი და მჭევრმეტყველი, ვისი ქადაგებანიც ჩვენამდე შემორჩა. XIII ს-ში, დარბაზობის წესის მიხედვით, ბოლნელ მამამთავარს 26-ე ადგილი ეჭირა (ვალაშკერტელის შემდეგ). XVII–XVIII სს. საბუთების მიხედვით, ბოლნისის სიონს ყმა-მამული ჰქონდა შუა და ზემო ბოლნისში, ზემო წერაქვში (შულავრის ხევი); ფოლადაურის ხეობის ერთი ეკლესიის 1651 წარწერაში ბოლნელი იოსებ რევიშვილი ასახელებს ზემო ბოლნისს, ახოთასა და თალას, რ-ებიც ძველთაგანვე ბოლნისის სიონის კუთვნილი სოფლები ყოფილა. ბოლნისის ეპისკოპოსები თავისი მრევლის პატრონობის გარდა აქტიურად მონაწილეობდნენ სხვა საქვეყნო საქმეებშიაც. „არჩილიანის“ ცნობით, ერთ-ერთ ბოლნელ მამამთავარს XVII ს-ში როსტომ მეფისა და თეიმურაზ I-ის ომში მიუღია მონაწილეობა და იქვე დაღუპულა; XVII ს. II ნახევარში ნიკოლოზ ბოლნელს მოუხატვინებია ბოლნისის სიონის კანკელი, აუშენებია საფსალმუნე, სალხინებელი, სამრეკლო, ქარვასლა, დუქნები, საყდრისათვის შეუწირავს საეკლ. სამსახურებელი; მასვე მოუხატვინებია კაზრეთის სამების ეკლესია მეზობელ დმანისხევში; ბოლნელებს იოსებ რევიშვილსა და მაქსიმე მაჭუტაძეს შეუწირავთ ხელნაწერი წიგნები გარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრისათვის და სხვ. XVIII ს. დასაწყისიდან ბ. ს. თბილელის კათედრას შეუერთდა და ამის შემდეგ იხსენიებიან თბილელ-ბოლნელი ეპისკოპოსები. პაპუნა ორბელიანის ცნობით, 1747 ბ. ს. აღდგენილი ჩანს, მაგრამ 1749 ანტონ კათოლიკოსმა ბ. ს. თავისი ყმა-მამულით ქართლის მთავარეპისკოპოსს უბოძა. XVIII ს. II ნახევარში ბ. ს. დმანისისა და წალკის საეპისკოპოსოებთან ერთად მოშლილი იყო. ამავე საუკუნის 80-იანი წწ. საბუთებიდან ჩანს, რომ ბოლნელის მამულებს იქაური ერისკაცები დაეპატრონენ და მათგან ღალას უკვე მანგლელი ეპისკოპოსი ითხოვს. საბოლოოდ 1805 ერთ საბუთში იხსენიება თბილელ-მანგლელ-ბოლნელი მიტროპოლიტი.
წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2–3, თბ., 1965–70; ტ. 6–7, თბ., 1977–81.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ბოლნისის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1964, [ტ.] 2; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., ბოლნისი, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ. 3.
დ. ბერძენიშვილი