ბოლნისის ტუფი, კვარცპორფირული შედგენილობის ტუფლავა და ლავა.
ყვითელ ფონზე სხვადასხვა ტონის ყავისფერი კლაკნილი ზოლები, რ-საც რკინის ჰიდროჟანგი აჩენს, ბ. ტ-ს ორიგინ. იერსა და სილამაზეს სძენს. ბ. ტ-ის ფიზ.-მექან. თვისებებია: სიმკვრივე 1975–2280 კგ/მ³, დროებითი წინაღობა გაჭყლეტაზე მშრალ მდგომარეობაში 403 – 1229 კგ/სმ², წყალშთანთქმა 3,5 – 10,35%, ყინვაგამძლეობა – ნორმალური.
ბ. ტ-ის საბადო თბილისიდან 60 კმ-ზე მდებარეობს ბოლნისის მუნიციპ-ის სოფლების წითელსოფლის (ახლანდ. ხატისსოფლის), სარაჩლოს (ახლანდ. მამხუტის), ფახრალოს (ახლანდ. ტალავრის), ქვეშის, ზემო გულავრის (ახლანდ. წიფორის) მიდამოებში. პროდუქციული ფენა წარმოადგენს ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენური წყების ერთ-ერთ ჰორიზონტს).
საბადოს ჯერ კიდევ ისტ. წარსულში ამუშავებდნენ. ბ. ტ-ს ფართოდ იყენებენ ნაგებობათა მშენებლობაში (თბილისის სიონის ტაძარი, ყოფ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალის შენობა, საქართვ. მთავრობის სახლი, საქართვ. ეროვნ. აკადემიის შენობა, ყოფ. ცენტრ. ტელეგრაფის შენობა და სხვ.).
გ. ნადარეიშვილი