ბოლოქანქარა, წყალწყალა, მასიქელა, მზეწვია, ბზეწვია და სხვ. (Motacilla), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა.
სხეულის სიგრძეა 16,5 – 18 სმ, აქვთ გრძელი მოძრავი ბოლო (აქედან ერთ-ერთი ქართ. სახელწ.), თეთრი ან ყვითელი, რუხთან და შავთან შეხამებული შეფერილობა. გვარი მოიცავს 11 სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. წყლის მოყვარული ფრინველებია (აქედან მეორე ქართ. სახელწ.). გვხვდებიან ნოტიო მდელოებზე, ჭაობებთან, მდ-ების, ტბების, ნაკადულების პირას როგორც დაბლობზე, ისე მთაში. ხშირად არიან ადამიანის სამოსახლოზე.
ბუდობენ აპრილ-მაისში მიწაზე, კლდის ნაპრალებში, ქვებქვეშ, შენობებზე, ხის ფუღუროებში; დებენ 4 – 6 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 2 კვირამდე, იკვებებიან მწერებითა და წვრილი უხერხემლოებით. საქართველოში ბუდობს ბ-ს 3 სახეობა: თეთრი ბ. (M. alba), მთის ბ. (M. cinerea) და შედარებით მოკლებოლოიანი ყვითელი ბ. (M. cinerea).
საინტერესოა ბოლოს აქნევ-დაქნევასთან დაკავშირებული სახელი „მასიქელა“ („მასი“ ს.-ს. ორბელიანის მიხედვით – წამის მესამოცედია).
რ. ჟორდანია