„ბუნდოვან გულსა“, ქართული ხალხური ლირიკული სიმღერა. ქალაქური ფოლკლორის აღმოსავლური შტოს ერთ-ერთი საინტერესო ნიმუში. ფართოდ იყო გავრცელებული XIX–XX სს. მიჯნაზე. ტექსტის ავტორად მიჩნეულია ი. ნაცვალი (ადრე ამ ლექსს ბესიკს მიაწერდნენ). სიმღერის ორი მსგავსი ვარიანტი შეტანილია მ. იპოლიტოვ-ივანოვისა და დ. არაყიშვილის ხალხ. სიმღერების კრებულებში როგორც ერთხმიანი მელოდია, თუმცა სავარაუდოა, რომ ყოფაში შესრულებულიყო აღმოსავლური საკრავიერი ანსამბლის თანხლებით ან სამ ხმაში (ამაზე მეტყველებს მონათესავე მელოდიაზე აგებული სამხმიანი საგუნდო სიმღერები „თამარის დროშა გაშალეს“ და „სამშობლო“). „ბ. გ-ს“ მღერადი მელოდია გამოიყენეს ა. რუბინშტეინმა ოპერა „დემონში“ (ქალთა გუნდი „Ходим мы Арагве светлой”) და ზ. ფალიაშვილმა „აბესალომ და ეთერში“. აბესალომის არიოზო („მე ბანიბანად გეძებდი“). „ბ. გ.“ ქართული ბაიათის საუკეთესო ნიმუშია.
ლიტ.: ქართული ხალხური ქალაქური სიმღერა, შემდგ. ა. მშველიძე, თბ., 1970.
ი. ჟორდანია.