გამოქვაბული

გამოქვაბული, გამოღრმავებული ადგილი კლდეში. ქართულ სპელეოლოგიურ, სპელეისტიკურ და არქეოლ. ლიტ-რაში, მღვიმის საპირისპიროდ, ადამიანის მიერ გამოკვეთილ ხელოვნურ ღრმულს აღნიშნავს. გამოიყენებოდა საცხოვრებლად, სახიზრად, სალოცავად. ფართოდ გავრცელდა ძვ. წ. I ათასწლ. I ნახევრიდან (რკინის იარაღის ათვისების შედეგად). საქართველოში ცნობილია გამოქვაბული კომპლექსები: უფლისციხე, ვარძია, შიომღვიმის მონასტერი და სხვ.

იხ. აგრეთვე კლდის ხუროთმოძღვრება.

ა. კალანდაძე