„აჭარა“

„აჭარა“, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველდღიური გაზეთი.

სხვადასხვა დროს ბათუმის საოლქო რევკომისა და მე-11 წითელი არმიის პოლიტ. განყ-ბის; საქ. ბათკომის და აჭარისტანის ცენტრალური კომიტეტის (ცაკის); საქ. კპ(ბ) აჭარისტანის, აჭარისტანის ცაკის და აჭარპროფსაბჭოს; საქ. კპ(ბ) აჭარისტანის საოლქო კომიტეტის, მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოების ცაკის და აჭარისტანის პროფსაბჭოს; საქ.კპ(ბ) აჭარისტანის ოლქკომის და აჭარისტანის ცაკის, პროფსაბჭოსა და ბათუმის ქალაქის საბჭოს; საქ. კპ(ბ) აჭარის ოლქკომის და აჭარის ცაკის; საქ. კპ(ბ) აჭარის საოლქო კომიტეტის და აჭარის ასსრ მშრომელთა დეპუტატების საბჭოს; საქ. კპ საოლქო კომიტეტის, აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს უმაღლესი პერიოდული ბეჭდვითი ორგანო.

გამოდის 1921 წ. 19 მარტიდან. „ა-ს“ რამდენჯერმე შეეცვალა სახელი. თავდაპირველად ეწოდებოდა „უწყებები“ (1921–22), „პროლეტარიატის ბრძოლა“ (1922–24), „ფუხარა“ (1924–29), „საბჭოთა აჭარისტანი“ (1929–36), „საბჭოთა აჭარა“ (1936–90), „აჭარა“ (1990-იდან). „ა-ს“ მთავარი რედაქტორები იყვნენ: ს. ჩიხლაძე (1921–22), თ. ჟღენტი (1922), ნ. ზომლეთელი (1923), ი. ბახტაძე (1923–24). თ. სიხარულიძე (1924–25), ა. პაპავა (1925–28), დ. დუმბაძე (1928–31), დ. ვოლსკი (1931–32), ვ. ბუაჩიძე (1932), დ. დუმბაძე (1932–43), ა. კელენჯერიძე (1943–49), შ. ქურიძე (1949–52), პ. კოხრეიძე (1952–53), შ. ქურიძე (1953–58), რ. სირაძე (1958–71), შ. ქურიძე (1971–85), ვ. წულუკიძე (1985–91), ა. სამსონია (1991–99), ნ. ზოსიძე (1999–2002), ნ. ჯაფარიძე (2003–04), დ. ჩხარტიშვილი (2004–07), გ. თებაძე (2007–09), გ. გორგასლიძე (2009–14), მ. მითაიშვილი (2014-იდან). „ა.“ თავდაპირველად ორენოვანი ქართული, რუსული გამოცემა იყო, იბეჭდებოდა ორ გვერდზე 500–600 ცალი და ქუჩებში აკრავდნენ. თავიდან ოფიციალურ მასალებს ბეჭდავდნენ. შემდეგ ავტორთა წრე გაფართოვდა. კონტაქტები დამყარდა მთელი საქართველოს, თბილისის ინტელექტუალურ წრეებთან – დაიბეჭდა ა. წულაძის წერილების სერია, გაზეთს ესტუმრა ს. ესენინი (1924). II მსოფოფლიო ომმა წინ წამოწია პატრიოტული თემატიკა.

დაიბეჭდა ს. ჯანაშიას, ნ. ბერძენიშვილის, ა. ჩიქობავას, ს. ჯიქიას, ე. თაყაიშვილის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერილები, ი. აბაშიძის, გ. ლეონიძის, ა. ადამიას, ნ. მალაზონიას, ვ. ჟურულის, ლ. მრელაშვილის პოეტური ნაწარმოებები, გ. აბაშიძის ლექსების ციკლი „სამხრეთ საზღვარზე“. „ა-ს“ 1500 ცალი თბილისში იყიდებოდა (1952–56).

XX ს. 60-იან წლებში გაზეთმა გამოაქვეყნა ჟურნალისტ ნ. შამანაურის ნარკვევი. 80-იანი წლების II ნახ-იდან ავტორთა წრე კვლავ გაფართოვდა და თემატიკა მრავალფეროვანი გახდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაზეთის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი –იგი აქტიურად აშუქებს რეგიონსა და ქვეყანაში მიმდინარე საზ.-პოლიტ. პროცესებს.

ა. კოხრეიძე