ბონგარდია

ბონგარდია (Bongardia), მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 4 სახეობას, რ-თაგან საქართველოში იზრდება ერთი – ოქროსფერი ბ. (B. chrysogonum); მრავალწლოვანი ბალახია. აქვს ტუბერისებრ გამსხვილებული ფესურა, სპირალურად განლაგებული ფრთისებრ გაყოფილი ფესვთანური ფოთლები, საგველა ყვავილედებად შეკრებილი ყვითელი ყვავილები. იშვიათი რელიქტური სახეობაა, გვხვდება მხოლოდ შირაქში (ლეკისწყალი, ყუმუროს მთა, ავჭალა).

გავრცელებულია აგრეთვე აზერბაიჯანში, სომხეთში, ხმელთაშუა ზღვის აღმ. რ-ნებში, წინა და ცენტრ. აზიაში. საყურადღებოა ფლორის ისტ. შესწავლისათვის.

იზრდება ველებსა და მშრალ ფერდობებზე, ზოგჯერ ნათესებში. ტუბერებს მოსახლეობა საკვებად და სამკურნალოდ აგროვებს, ამიტომაც მისი რაოდენობა თანდათან მცირდება. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.

ლ. ხინთიბიძე