ბორბალო, დიდი ბორბალო და პატარა ბორბალო, მთები თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე.
დიდი ბ-ს სიმაღლეა 3294 მ. აგებულია ზედალიასური თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. ჩრდ. კალთა ციცაბო და ქარაფოვანია, დანარჩენი – დამრეცი. განსაკუთრებით დამრეცია სამხრ. კალთა, რ-იც თანდათანობით უერთდება ქართლის ქედს. დიდ ბ-ს მცირედ შეეხო მეოთხეული გამყინვარება, რელიეფის მყინვარული ფორმები – ცირკები და კარები მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი. დიდი ბ. საკვანძო მასივია, მის კალთებზე რადიალურად ეშვება მდ-ების ანდაქისა და ხევსურეთის არაგვის (ჩრდ-ით), ფშავის არაგვისა და ივრის (სამხრ-ით) და ალაზნის (აღმ-ით) ზემოთები.
მთა შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით, რ-ებიც გავრცელებულია მთა-მდელოს კორდიან ნიადაგზე. სუბალპ. ზონაში, ბალახოვანი მცენარეულობის გარდა, გვხვდება ბუჩქნარიც–კავკასიური დეკა და ღვია. დიდი ბ-ს დას. კალთაზე გადის საცალფეხო გზა, რ-იც ანდაქის უღელტეხილით აკავშირებს უკანაფშავსა (ფშავის არაგვის აუზი) და პირიქითა ხევსურეთს (მდ. ანდაქის აუზი). პატარა ბ-ს სიმაღლეა 3134 მ; მდებარეობს დიდი ბ-ს ჩრდ.-აღმ-ით. აგებულია ზედალიასური თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშქვებით.
პატარა ბ-დან იწყება აგრეთვე მდ-ების ალაზნის (სამხრ-ით), ანდაქის (ჩრდ-ით), თუშეთის ალაზნის (აღმ-ით) მდგენელი შენაკადები. მთა შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით. პატარა ბ-ზე გადის საყორნისა და ანდაქის უღელტეხილების დამაკავშირებელი ბილიკი.
დ. უკლება