ბორი

ბორი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის თემში (იმერეთის რეგიონი), მესხეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ბორიმელის (ძირულის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 400 მ, ხარაგაულიდან 10 კმ. 283 მცხ. (2014).

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით (XVIII ს. I ნახ.) ბორიმელის ხეობა ლომსიათხევად იწოდებოდა და შედიოდა იმერეთის სათავადო საჩხეიძეოში. ბ-ში გვიანდ. ბრინჯაოს ხანიდან ჩანს ადამიანის ცხოვრების კვალი. 1902–03 და 1907–09 აქ ნაპოვნია არქეოლ. ნივთები. 1938 არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. მ. ივაშჩენკო) დაადგინა, რომ ეს სამარხეული ინვენტარი იყო. 1963 არქეოლ. გათხრებით გაირკვა (ხელმძღვ. გ. ცქიტიშვილი), რომ ბ-ის მიდამოებში ათიოდე ჰა-ზე ბუდეებადაა გაფანტული ძვ. წ. I ს. – ახ. წ. III ს. საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები, მ. შ. II – III სს. ორი მდიდრული ნეკროპოლი. სამარხები ორი სახისაა: ქვევრსამარხები და ორმოსამარხები, მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ ოქროს სამკაული, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი. III ს. ერთ-ერთ თასზე გამოსახულია საკურთხევლის წინ მდგარი ცხენი. თასზე არმაზული წარწერაა: „ბუზმიჰრ, კეთილი პიტიახში, სული მარადი“. სავარაუდოა, რომ ბ. არგვეთის (მარგვის) საერისთავოს გამგებელ პიტიახშთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ნივთები დაცულია ერმიტაჟში, ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმსა და საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში.

ბ-ში დგას XVI ს. დარბაზული ეკლესია, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი.

ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი  შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; ც ქ ი ტ ი შ ვ ი ლ ი  გ., ანტიკური ხანის შორაპნის საერისთავოს საკითხისათვის, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1964, [ტ.] 2.

გ. ცქიტიშვილი