ბორითი

ბორითი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), მდ. ძირულის მარჯვ. ნაპირას, მდ. ხელმოსმულას შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ამაშუკეთი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისი). ზ. დ. 480 მ, ხარაგაულიდან 28 კმ, ძირულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 18 კმ. 557 მცხ. (2014).

სოფელში დგას სხვადასხვა ზომის რუხი ფერის გათლილი კვადრებით ნაგები IX–X სს. დარბაზული „კოზმანის ეკლესია“, აგრეთვე ყორე ქვით ნაგები შუა საუკუნეთა სავანის წმ. გიორგის ეკლესია.