გამოკირულა

გამოკირულა, გამოქვითკირული, ქვითკირით ამოშენებული კლდის ბუნებრივი სიღრუეები.

მას ქვაბნაშენიც ეწოდება. ასეთ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, გარდა იმისა, რომ ფასადის მხარეა ამოშენებული, ხშირად თვით სიღრუეებიც ხელოვნურადაა გაფართოებული ან დამხმარე ხელოვნური ქვაბებიცაა გამოკვეთილი. მსგავსი ქვაბთა კომპლექსები უმთავრესად ფრიალო კლდის მიუვალ სიმაღლეებზეა განლაგებული და იქ ასვლა იმთავითვე თოკების დახმარებით ხდებოდა.

გ-ს კომპლექსები ერთ ან რამდენიმე სართულადაა განლაგებული, შიგნით მოწყობილია ხელოვნური იატაკები და ვერტ. დამაკავშირებელი საშუალებები – ერდოლუკები. ფასადის ამოშენებულ სიბრტყეში დატანებულია შესასვლელი კარი. სხვადასხვა სართულზე გამართულია ვიწრო სარკმლები ან სათოფურები. ფასადზე გვხვდება ხის ძელები ან აივნები კომპლექსის ნაწილებთან კავშირისათვის. ზოგჯერ ქვითკირის კედელი ქვაბის ღიობის თავამდე არ ადის და აქედან უხვად ნათდება სათავსი.

გ. ქვაბნაშენი ძეგლები სხვადასხვა დანიშნულებისაა: სამზერი, ქვაბ-სახიზარი, ციხე-ქვაბი და ქვაბ-უდაბნო. ზოგი გ. ძეგლი გამაგრებულია ციხე-ბურჯებით. ჩამოთვლილ ძეგლთა სახეობა და ტერმინები აშკარად მიუთითებს, რომ გ-ს ძეგლები შექმნილია მტრის მრავალრიცხოვან თარეშთაგან თავდასაცავად. მათი შექმნა ნაკარნახევია მოსახლეობის ფიზ. გადარჩენის, ქვეყნის თავდაცვის და ამასთან შეუფერხებელი მშვიდობიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის უზრუნველსაყოფად.

გ. ძეგლები ფრიად დამახასიათებელია ფეოდ. საქართველოს არსებობის მთელ მანძილზე, განსაკუთრებით გვიანდ. ფეოდ. ხანაში. ტიპური ძეგლებია: ქართლში თრეხვის სოროთ-ხევი, თეკნელა–რკონის მონასტერთან, აბუხალო–ძამას ხეობაში, ქცია-ხრამის ხეობის ძეგლები; არგვეთ-ჭიათურის კომპლექსები; მესხეთის გ.–საროსთან, ნავარძიევი, მირაშხანი მდ. მტკვრის ხეობაში და ურავლის ხეობის ძეგლები; აფხაზეთში – მჭიშთა და სხვ.

გ. გაფრინდაშვილი