დმანისის პლატო, პლატო საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, მდ. მაშავრის ზემო დინების აუზში.
აგებულია მეოთხეული ასაკის დოლერიტული ლავებით. გვხვდება ტბიურ-ტუფოგენური ქვიშების გამოსავლებიც. მაღლდება აღმიდან (900 მ -იდან) დას-კენ (1800 მ-მდე). დასერილია მდ. მაშავრისა და მისი შენაკადების კანიონისებრი ხეობებით.
დ. პ-ზე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 5–10°C შორის მერყეობს, იანვ. საშ. ტემპრა –2°C-იდან –7°C-მდე, ივლ. 13– 21°C. ნალექები 570–700 მმ წელიწადში. დ. პ-ს მთ. მდინარეა მაშავერა. მრავლადაა პატარა ტბები, მ. შ. უდიდესია ოროზმანის ტბა.
გაბატონებულია მთის შავმიწა ნიადაგი, არის მთის მდელოს ნიადაგიც. დ. პ-ზე ჭარბობს მთის სტეპები, რ-ებიც ზემოთ (დას-ით) მდელოს ფორმაციებში გადადის. ხეობებში აქა-იქ შემორჩენილია წიფლნარი და მუხნარ-რცხილნარი. ტერიტ. დიდი ნაწილი მთის სტეპურ ლანდშაფტს უჭირავს. ფრაგმენტების სახით გავრცელებულია დაჭაობებული მდელოს და ხევ-ხრამების ლანდშაფტები.
ქ. ჯაყელი