ბერლინის კონგრესი 1878

ბერლინის კონგრესი 1878, საერთაშორისო დიპლომატიური თავყრილობა, გაიმართა ბერლინში 1878 წლის 13 ივნისიდან - 13 ივლისამდე.

ბ.კ. საგანგებოდ მოიწვიეს სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878 მარტი) პირობების გადასახედად, ავსტრია-უნგრეთის და ინგლისის მოთხოვნითა და გერმანიის მხარდაჭერით. მთავარი მონაწილეები იყვნენ რუსეთი, ინგლისი, ავსტრია-უნგერთი და გერმანია. კონგრესს ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, საბერძნეთის, ირანის, რუმინეთის, სერბიისა და ჩერნოგორიის წარმომადგენლები.

ბ.კ.-ს წინ უსწრებდა რუსეთისა და ინგლისის პოზიციების შეთანხმება, რ-იც მხარეების მიერ 1878 18(30) მაისს გაფორმებულ საიდუმლო ხელშეკრულებაში აისახა. მასში გამოიკვეთა ბერლინში გასამართი კონგრესის მომავალი გადაწყვეტილებების ძირითადი კონტურები.

ბ.კ.-ზე 1878 წლის 13 ივლისს ხელი მოეწერა ბერლინის ტრაქტატს, რ-ც 64 მუხლისაგან შედგებოდა. ამ საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით ჩრდ. ბულგარეთი ავტონომიურ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ბულგარელებით დასახლებული სხვა ოლქებისგან კი შეიქმნა სამხრ. ბულგარეთი (აღმოსავლეთ რუმელია), რ-ც ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებებით სულთნის გამგებლობაში რჩებოდა. ბოსნია და ჰერცეგოვინა გადაეცემოდა ავსტრია-უნგრეთს, რომელსაც მისი ოკუპირების უფლება ეძლეოდა. სერბეთმა, რუმინეთმა და ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა მიიღეს.

ბ.კ-ის გადაწყვეტილებები შეეხო საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებსაც. კონგრესის საბოლოო აქტის, ,,ბერლინის ტრაქტატის“ 38-ე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ოსმალეთი რუსეთს უთმობდა ყარსს, არდაჰანსა და ბათუმს, ანუ, რუს.-ის მფლობელობაში გადადიოდა ყოფილი სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწ.: აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, იმერხევი, კოლა-არტაანი, ოლთისი; თურქებს უბრუნდებოდათ ალაშკერტის ველი და ქ. ბაიაზიდი, რ-ც სან-სტეფანოს ხელშეკრულების მიხედვით რუსეთს ჰქონდა მიკუთვნებული. ბ.ტ.-ის მიხედვით ბათუმი თავისუფალ სავაჭრო საპორტო ქალაქად (პორტო ფრანკოდ) ცხადდებოდა.

ბ. ტრაქტატით გამუსლიმებულ მოსახლეობას ნება დართეს ან რუსეთის ქვეშევრდომობაში დარჩენილიყვნენ, ან ოსმალეთში გადასახლებულიყვნენ (მუჰაჯორობა). მუჰაჯირობის ვადა 1879 წ. 3 თებ-დან 1882 წ.-ის 3 თებ-მდე განისაზღვრა, შემდეგ კი 1884 -მდე გადაიწია.

ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მისი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორიების დაბრუნება. ქართული საზოგადოებრიობა მხურვალედ მიესალმა თურქთა უღლისაგან აჭარის განთავისუფლებას. ამ ფაქტის შესახებ ი. გოგებაშვილი წერდა: ,,ბერლინის ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა, ... ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლ-ხორცი, ჩვენთან ერთად ,,მებრძოლი შავი ბედისა“, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა“.

ხალხმა საკუთარი ინიციატივით აჭარის დასახმარებლად შეწირულობის შეგროვება დაიწყო. ამ ფაქტს გაზ. ,,ივერიაში“ მიესალმა ი. ჭავჭავაძე: ,,აბა ქართველობავ, ახლა შენ იცი, როგორ დაანახებ თავს შენს ახლად შემოერთებულ ძმებსა! ახლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპათ ანდერძს: ძმა ძმისთვინა და შავი დღის თვისაო“.

მალევე შედგა გათავისუფლებული და ახლად შემოერთებული აჭარის თავკაცთა სტუმრობა თბილისში, რ-ზეც მხურვალე პატრიოტული სიტყვა გრ. ორბელიანმა წარმოთქვა.

ლიტ.: ახალი ისტორია (მეორე პერიოდი), წგ. 1. 1870-1900. თბ., 1973;  გ ო დ ე რ ი ძ ე  ლ., რუსეთი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, თბ., 1999; რ ე ი ფ ი ლ დ ი  დ., საქართველო იმპერიათა გზაჯვარედინი, თბ., 2019;  საქართველოს ისტორია, ტ.IV, თბ. 2020;  ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ა., რუსეთის იმპერია XIX საუკუნეში, თბ., 1973;  ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ა., ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  პ., საქართველოს ისტორია, თბ. 1991;  ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, მეორე ნაწილი, თბ., 1998.

პ. სურგულაძე