გამოცანა

გამოცანა, ზეპირსიტყვიერების ჟანრი, რ-ისთვისაც ნიშანდობლივია საგნის ან მოვლენის მინიშნებითი დახასიათება მისი გამოცნობის მიზნით. გ. ჩაისახა საზ-ბის განვითარების ადრინდ. ეტაპზე, როცა ადამიანთა მითოლ. წარმოდგენები საგანთა ან მოვლენათა ნამდვილი სახელებით მოხსენიებას კრძალავდა. მან ევოლუციის რთული გზა განვლო. გ-ის ე. წ. პირობითმა ენამ დასაბამი მისცა მეტაფორულ მეტყველებას; შემდგომში, როცა მისი თავდაპირველი, საკულტო დანიშნულება ესთეტ.-შემეცნებით ფუნქციაში გადაიზარდა, გ. ჟანრობრივადაც ჩამოყალიბდა. დღეს ის ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას და აღზრდის, გონებრივი ვარჯიშის საშუალებად არის ქცეული. ქართ. ხალხ. სიტყვიერებაში გ-ების დიდი ნაწილი 8-მარცვლიანი შაირით არის გამართული, გვხვდება გაულექსავი, მაგრამ უმთავრესად მკაფიო რიტმის მქონე თხრობითი წინადადების სახითაც.

გ. თემატიკურად მრავალფეროვანია, გამოირჩევა სხარტი ფორმით და მხატვრული ჟღერადობით. მასთან დაკავშირებული მდიდარი ქართ. ტერმინოლოგია (აჴსნა, განჴსნა, იგავი, დაფარული სიტყვა, თავსატეხი, საცნაური, საბმურა და სხვ.) ჩვენში ამ ჟანრის უძველეს და ძლიერ ტრადიციაზე მიგვითითებს. ქართ. ხალხ. გ-ების უძველესი ჩანაწერი (71 ერთეული, კრიპტოგრამებიანი ახსნით) XVIII ს-ით თარიღდება, ხელნაწერი დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტში. უძველესია აგრეთვე პლატონ იოსელიანის მიერ 1835 შეკრებილი „გამოცანანი ქართულნი“ (ხელნაწერი დაცულია სანქტ-პეტერბურგში, მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახ. საჯარო ბ-კაში). ქართ. ხალხ. გ-ები პირველად დაბეჭდა რ. ერისთავმა 1879.

ტექსტი იხ: ხალხური სიბრძნე, ტ. 5, თბ., 1965.

ლიტ.: ზანდუკელი ფ., მხატვრული ოსტატობის საკითხები ქართულ ფოლკლორში, თბ., 1985; ქართული ფოლკლორი, ტ. 14, თბ., 1984.

ფ. ზანდუკელი